Thumbnail

გვილია ლეგიაში ვარჯიშობს და დიდი ალბათობით კონტრაქტსაც გააფორმებს

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ვაკო გვილიამ რაკუვის დატოვების შემდეგ ვარჯიში ვარშავის ლეგიაში განაახლა
  • შესაძლოა, პოლონურმა კლუბმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმოს

ვაკო გვილიამ სარეაბილიტაციო პროცესის დასრულების შემდეგ ვარჯიში ვარშავის ლეგიაში განაახლა. 28 წლის ნახევარმცველმა ჩესტოკოვას რაკუვი 2023 წლის დასაწყისში დატოვა და ახლა ლეგიაში დაბრუნებასთან ახლოსაა. 

როგორც პოლონური Legionisci წერს, ვაკომ ლეგიას სთხოვა, გუნდში ვარჯიშის უფლება მიეცათ და დედაქალაქელებმა გვილიას უარი არ უთხრეს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარჯიშის ნების დართვა არ ყოფილა - ვარშაველთა სამწვრთნელო შტაბი ქართველს აკვირდება, რადგან გუნდი ნახევარდაცვის ცენტრში ფეხბურთელს ეძებს.

ლეგიას მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა გვილია დადებითად მიიღო და ქართველმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გუშინ, 21 მარტს გამართა. როგორც ვაკომ europop-ს გვითხრა, სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ძალიან დიდი ალბათობით, კლუბთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფორმებს. 

"მადლობელი ვარ, რომ კლუბმა გუნდთან ერთად ვარჯიშის უფლება მომცა. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ლეგიას სეზონის ბოლომდე დავეხმარო. მუხლის ტრავმის გამო სეზონის პირველი ნახევარი გამიცდა, ახლა ყველაფერი კარგადაა, მინდორზე ვარ და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. რაკუვთან მატჩის წინ ბიჭებისთვის რჩევის მისაცემად დრო მექნება, ახლა ორიენტირებული ვარჯიშზე გახლავართ," - განაცხადა ფეხბურთელმა. 

კარიერის მანძილზე ვაკო გვილია 7 სხვადასხვა გუნდში გამოდიოდა, ვარშავის ლეგიაში, კი 2019-2021 წლებში თამაშობდა. დედაქალაქელთა რიგებში ვაკომ 70 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნული გუნდის მაისური 47-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარში 3 ბურთი შეაგდო. ბოლოს ნაკრების რიგებში 2022 წლის ივნისში, ბულგარეთთან გამართულ მატჩში ითამაშა. 

კომენტარები

ბოლო ამბები