- სტალე სოლბაკენმა ერლინგ ჰაალანდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
- ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი გოლეადორს იცავს
- კრიტიკოსები ჰაალანდს სიტის გამო თავის დაზოგვას აბრალებენ
- ნორვეგიის ნაკრებში ჰაალანდის შეცვლის გეგმა შემუშავებულია
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა გუშინვე თქვა, ერლინგ ჰაალანდისთვის დიდი დარტყმაა ის, რომ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საწყის საკვალიფიკაციო მატჩებში (ესპანეთთან და საქართველოსთან) ვერ დაეხმარებაო, ახლა კი თავისი გუნდის ლიდერზე უფრო დეტალურად ისაუბრა.
სოლბაკენი ჰაალანდთან შეხვედრას იხსენებს: “სასტუმროს ნომერში, გვიან ღამით ვილაპარაკეთ. უკიდურესად იმედგაცრუებული იყო. ასეთი ფრუსტრირებული და სასოწარკვეთილი ჰაალანდი აქამდე არასდროს მინახავს. დიდხანს ვისაუბრეთ. ვმსჯელობდით, არსებობდა თუ არა რაიმე შანსი, რომ ესპანეთთან თუ არა, საქართველოს ნაკრებთან მაინც ეთამაშა. იძულებული გახდა, რომ სამწუხარო ფაქტს შეეგუოს - მისი თამაშის შანსი არ იყო.”
'ღამის 12 საათზე ერლინგი მათაც რომ ენახათ, ასეთ რამეს არ იტყოდნენ. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო'
მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ჰაალანდი ვერ ითამაშებდა, ნორვეგიაში ის ბევრმა გააკრიტიკა. კრიტიკოსები ამბობდნენ, ჰაალანდი თავს კლუბის სასარგებლოდ უფრთხილდება, რათა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ბაიერნის წინააღმდეგ ითამაშოსო.
სოლბაკენს ამ ბრალდებაზე ასეთი პასუხი აქვს: “სასტუმროს ნომერში, ღამის 12 საათზე ერლინგი მათაც რომ ენახათ, ასეთ რამეს არ იტყოდნენ. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო,” - განუცხადა ნორვეგიის ნაკრების დამრიგებელმა ნორვეგიულ NRK-ს.

ჰაალანდი გასულ შაბათს, ბარნლისთან (6:0) მატჩის დროს დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ხანი გაუცდება ნორვეგიელ გოლეადორს. ფაქტია: სიტის 1 აპრილს ლივერპულთან მნიშვნელოვანი თამაში აქვს, 11 აპრილს კი ჩემპიონთა ლიგაში, ბაიერნს უნდა შეხვდეს.
კომენტარები