- ქართველი კალათბურთელის კომენტარი პელიკანსთან წარმატებული მატჩის შემდეგ
- NBA | 20 ქულა! მამუკელაშვილი სან ანტონიოში საუკეთესო იყო
სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსმა ნიუ ორლეანს პელიკანსთან 84:199 წააგო, თუმცა, ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ ქართველმა კალათბურთელმა ახალი გუნდის სასტარტო ხუთეულში მეორედ ითამაშა და სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელიც ჰქონდა. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ მატჩის შემდეგ ერთ-ერთი, ვინც ჟურნალისტთა წინაშე წარსდგა, სწორედ მამუკელაშვილი იყო.
სანდრო მამუკელაშვილი: “მოგეხსენებათ, არაერთი წამყვანი კალათბურთელი გვაკლდა, თუმცა, მაქსიმალურად ვეცადეთ ბრძოლაში დავრჩენილიყავით და მეტოქისთვის წინააღმდეგობა გაგვეწია. ერთმანეთის რწმენა არ დაგვიკარგავს და ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს. რა სიტუაციაშიც არ უნდა იყო, ბოლომდე თამაშია საჭირო.
რაც შეეხება ჩემს თამაშს, ამას თავისი ახსნა აქვს. NBA ის ლიგაა, სადაც უდიდესი კონკურენციაა, ამდენად, როდესაც შანსი გეძლევა, მის გამოსაყენებლად ყველაფერი უნდა გაიღო. დღეს სპურსის სასტარტო ხუთეულში მხოლოდ მეორედ გამოვჩნდი და საშუალება მომეცა თავისუფლად მეთამაშა, თუნდაც შეცდომები დამეშვა, თუმცა, ამ შეცდომებისგანაც ხომ ბევრს ვსწავლობთ. ამ შანსისთვის ნამდვილად მადლობელი ვარ.
მილუოკისთან მომდევნო მატჩი? ცხადია, ის ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში პირველი ნაბიჯები ხომ იქ გადავდგი. სწორედ მათ მომცეს შესაძლებლობა, რომ პლანეტის საუკეთესო კალათბურთელებთან ერთად მეთამაშა. მილუოკიში დაბრუნება ჩემთვის მართლაც გამორჩეული იქნება, ბობის, დრუს, იანისს, კრისს და სხვებს ვნახავ. მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი და ვიცი, რომ ისინიც მელოდებიან”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 23 წლის კალათბურთელმა პელიკანსთან 25 წუთი ითამაშა და 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ამ სეზონში 20 ქულა მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგია, კარიერის რეკორდი კი შარშან, სეზონის ბოლო მატჩში ჰქონდა, როცა კლივლენდთან 28 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნაც გააკეთა. სან ანტონიოს მომდევნო თამაში სანდროს ყოფილ კლუბ მილუოკი ბაქსთან 23 მარტს ელის.
კომენტარები