Thumbnail

'საქართველო შორსაა' - Eurosport წერს, რატომ ჩაგრავენ ბორჯღალოსნებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო რაგბი 2026 წლიდან ახალი სანაკრებო ტურნირის ჩატარებას გეგმავს, თუმცა, მასში ადგილი არ მოინახა საქართველოს ნაკრებისთვის. ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში მომავალი შეჯიბრის ორ სავარაუდო მონაწილეს უსწრებენ, მაგრამ ეს საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა. რა არის საქართველოს ნაკრების გარიყვის მიზეზი? ამ თემაზე საინტერესო სტატიას ფრანგული Eurosport აქვეყნებს.

“გასულ უქმეებზე ირლანდიის ნაკრებმა 6 ერის მოგება მოახერხა, თუმცა, ევროპულ ტურნირზე გამარჯვება საქართველომაც შეძლო. ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალე სტილში იმარჯვეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რანგით მე-2 ევროპული შეჯიბრის სხვა მონაწილეებს ერთი თავით სჯობნიან. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები კვლავაც გარიყული რჩება ელიტიდან და ეს, მსოფლიო ლიგის გამოქვეყნებულმა პროექტმაც დაადასტურა.

სრული დომინაცია. არ ვიცით, კიდევ უფრო უკეთ როგორ უნდა გამოიხატოს ის უპირატესობა, რომელიც საქართველოს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქვს. ამ გუნდმა ფინალში პორტუგალიას 38:11 სძლია და ტურნირი ზედიზედ მეექვსედ მოიგო. ეს შეჯიბრი იმ ნაკრებებს აერთიანებს, რომლებიც 6 ერში ვერ ხვდებიან: ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი... 

ამ მეტოქეებთან ჭიდილში, საქართველოს ნაკრები ფაქტობრივად მუდმივად გამარჯვებული გამოდის. გუნდმა ბოლო 16 ტურნირიდან 14-ში იმარჯვა და გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევები იყო, როდესაც ჩემპიონობას რუმინეთი ახერხებდა. ეს სტატისტიკაც კი აჩვენებს, რომ ქართველი მორაგბეები მოწინააღმდეგეებს მთელი თავით სჯობნიან და განვითარების სხვა ეტაპზე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრების ბირთვი საფრანგეთის TOP 14-ში თამაშობს. მაგალითად, დავით ნინიაშვილი ლიონშია, ბექა გიგაშვილი კი – ტულონში. ეს ერთადერთი ნაკრებია რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან, რომელსაც შეუძლია მსოფლიო გრანდებს ისე ეთამაშოს, რომ მუდმივად სირცხვილი არ შეემთხვას.

საქართველოს და იტალიის სარაგბო დაპირისპირება კვლავაც აქტუალურ თემად რჩება

ქართველმა მორაგბეებმა გასული კვირა ამაღლებულ ნოტაზე დაასრულეს, ახალი კვირა კი მათთვის არასასიამოვნოდ დაიწყო. მსოფლიო ლიგის პროექტში 12 ნაკრები მოხვდა და მათ შორის არც საქართველოა და არც სამოა. სამაგიეროდ, იქ ადგილი გამოინახა იტალიისა და ფიჯისთვის. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ქართული რაგბისთვის, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს თავი იტალიელებზე წინ დაიმკვიდროს.

ნამდვილად მძიმე ყოფაა საქართველოსთვის, რომელსაც ელიტაში სათამაშოდ არ იწვევენ და იძულებულია ერთი და იმავე დონეზე იმყოფებოდეს. ყველასთვის ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მიზეზი არა მხოლოდ სპორტულია და ძირითადად, ეკონომიკური ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ამას დიეგო დომინგესის სიტყვებიც მოწმობს, რომელიც მას სწორედ Eurosport-ისთვის აქვს ნათქვამი:

"ის, რომ საქართველო 6 ერში იტალიის ნაცვლად უნდა დავუშვათ, არასერიოზულ საუბრად მიმაჩნია. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო შორსაა. ამ ქვეყნის იტალიასთან შედარება არ შეიძლება. დიახ, დებატები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა, ყველამ იცის, რომ იტალიამ 6 ერს ბევრი რამ შესძინა. ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს მხოლოდ სპორტი არაა?! კულტურული ასპექტიც უნდა გავითვალისწინოთ. ბევრი ადამიანისთვის, რომელიც ნაკრებს სხვა ქვეყნებში დაყვება, ეს, მნიშვნელოვანი ფაქტორია".

ეს კარგად აქვთ გააზრებული რაგბი ევროპის ჩემპიონატზეც, რაზეც ტურნირის პრეზიდენტის ოქტავიან მორარიუს განცხადებაც მეტყველებს: “6 ერი პირველ რიგში ის სტრუქტურაა, რომელიც ბიზნესზეა ორიენტირებული”.

ბორჯღალოსნებმა ელიტის ყურადღება ვერც უელსის დამარცხების შემდეგ მიიპყრეს

თუკი ყურადღებას მხოლოდ სპორტულ ასპექტზე გავამახვილებთ, აქ საკამათო გაცილებით ბევრია. საქართველო ნამდვილად აღარ არის “ბურჯების ნაკრები”, რასაც ხშირად უწოდებდნენ. გასულ ზაფხულს მათ იტალია 28:19 დაამარცხეს და ჩვენი კონსულტანტის ჟან-ბაპტისტ ლაფონდის პოზიციაც აქედან მომდინარეობს: “ადრეც ამას ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: საქართველოს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ იტალიასთან კონკურენციაში ჩაებას”.

“თუკი 6 ერი კარს გაგვიღებს, ჩვენ მზად ვართ”, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უელსთან გამარჯვების შემდეგ, თუმცა, ეს ყურად არავინ იღო. საქართველოს ნაკრები ისევ აკაკუნებს, ამის პასუხად კი, მათთვის ადგილი ახლადშემუშავებულ ტურნირზეც არ გამოინახა. ქართველ მორაგბეებს, პრესტიჟულ შეჯიბრზე, უკეთეს შემთხვევაში, 2030 წლიდან ვიხილავთ, როდესაც მსოფლიო ლიგაში დაქვეითება-აღზევების სისტემა იგეგმება.

2023 წლის მსოფლიო თასზე საქართველო C ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლება. კავკასიური ნაკრების სანუკვარი მიზანი ჯგუფში მე-2 ადგილის დაკავება იქნება. აღნიშნული კიდევ ერთი შანსია, რომ საქართველო კულისებიდან საბოლოოდ გამოვიდეს და თავისი ამბიციების შესახებ განაცხადოს. ეს ელიტარული ნაკრებებისთვის გაგზავნილი საბოლოო სიგნალი იქნება”.

შეგახსენებთ, რომ ახალ შეჯიბრში, რომელსაც “ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროთა ჯახი” ეწოდა, 6 ერისა და რაგბი ჩემპიონშიპის ნაკრებები (ინგლისი, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი, შოტლანდია, უელსი, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა) ჩაებმებიან და მათ ფიჯი და იაპონია დაემატებიან. ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ჩამოთვლილი 12 ნაკრები კი 2 ჯგუფში იქნება გადანაწილებული და ზაფხულისა და შემოდგომის ტესტების პერიოდში ითამაშებს. იგეგმება, რომ 2030 წლიდან ბოლო გუნდი გავარდეს და მაშინ იქნებ შანსი საქართველოსაც მიეცეს.

კომენტარები

ბოლო ამბები