Thumbnail

როგორც მოსალოდნელი იყო, სანდრო მამუკელაშვილს მილუოკიში ძალიან თბილი დახვედრა მოუწყვეს - ყოფილმა თანაგუნდელებმაც და ბაქსის გულშემატკივრებმაც.

📺 | ჯერ სანდროს და ჯრუ ჰოლიდეის შეხვედრა ნახეთ:

მამუს სან ანტონიო დღეს გამთენიისას სწორედ ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდს ეთამაშა და სტუმრად 94:130 დამარცხდა. ანგარიშში ამხელა სხვაობა სან ანტონიოში დიდად არ ადარდებთ - როგორც იცით, გრეგ პოპოვიჩი რეგულარული სეზონის მიწურულს ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებს ცდის, რადგან შედეგს დიდად მნიშვნელობა აღარ აქვს (სპურსს პლეი ოფში მოხვედრის შანსი დიდი ხანია, დაკარგული აქვს).

მამუკელაშვილი ბრუკ ლოპესის წინააღმდეგ

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მამუკელაშვილმა 27:43 წუთი ითამაშა. სანდრო ამჯერად სასტარტო ხუთეულში აღარ ყოფილა (ძირითადში ზაკ კოლინზი დაბრუნდა). მამუს ანგარიშზე 12 ქულაა - მან 13-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. სამქულიანი 4-ჯერ ისროლა და ყველა არაზუსტად. ასევე 7 მოხსნაც ჰქონდა (6 დაცვაში, 1 შეტევაში) და ორი ასისტიც. პლუს 2 დაფარება, ბურთი კი ერთხელ დაკარგა და +/- კოეფიციენტი -25 გამოუვიდა.

მილუოკისთვის ეს ამ სეზონში ყველაზე დიდი სხვაობით მოგება გამოდგა. საინტერესოა, რომ იანის ანტეტოკუნმპომ სულ რაღაც 24 წუთი ითამაშა და მაინც ყველაზე მეტი, 31 ქულა ჩააგდო (პლუს 14 მოხსნა). ამ მოგებით მილუოკიმ აღმოსავლეთ კონფერენციაში ლიდერობა გაიმყარა და ბოსტონ სელტიკსთან უპირატესობა 2,5 მატჩით გაზარდა. კრის მიდლტონს 19 ქულა და 10 ასისტი ჰქონდა. სან ანტონიოდან კი ყველაზე მეტი ქულა დევინ ვასელმა დააგროვა (16).

მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 25 მარტს, ვაშინგტონ უიზარდსთან გამართავს, მილუოკის კი გასვლითი მატჩების სერია უწევს, რომელიც ასევე 25-ში იუტა ჯაზით იწყება…

კომენტარები

ბოლო ამბები