Thumbnail

'კარიერის დასრულებაზე ვფიქრობდი' - რონალდო ნაკრებსა და საუდის არაბეთზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრებში სათამაშოდ ემზადება
  • 38 წლის ლეგენდა სანაკრებო დონეზე 200 მატჩს უახლოვდება

საუდის არაბეთში გადაბარგების მიუხედავად კრიშტიანო რონალდო სანაკრებო კარიერას აგრძელებს. რობერტო მარტინესმა 38 წლის ფეხბურთელი ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის საწყისი მატჩებისთვის გამოიძახა, რომელსაც პორტუგალიის ნაკრები ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ალ-ნასრის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ ძველებური მოტივაცია აქვს. შესაბამისად, მზადაა პორტუგალიის ნაკრებისთვის ყველაფერი გააკეთოს.

"თუ ნაკრებს ვჭირდები, ყოველთვის მზად ვიქნები. ჩემი მოტივაცია ხელუხლებელია, წლიდან წლამდე, თითქოს აქ პირველად ვარ. ნაკრებში თამაში მიყვარს, ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პორტუგალია თანაგუნდელებთან ერთად უმაღლეს დონეზე ავიყვანო".

რონალდოს ნაკრებში თამაშის მოტივაცია ისევ აქვს

კრიშტიანოს საუბარი საუდის არაბეთის ჩემპიონატზეც მოუწია: "ძალიან კონკურენტუნარიან ლიგაში ვთამაშობ. თქვენ საუდის არაბეთის ჩემპიონატს სხვაგვარად უნდა შეხედოთ. რა თქმა უნდა, პრემიერლიგის დონე არ არის, ეს რომ ვთქვა, მოვიტყუები, მაგრამ კონკურენტუნარიანია, რამაც დადებითად გამაოცა. კარგი გუნდები არიან, საუდელი ფეხბურთელებიც კარგები არიან, ლეგიონერებს კი ხარისხი შემოაქვთ".

როგორც CR7-მ აღნიშნა, კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა: "მე და ჩემი ოჯახი ვფიქრობდით ამაზე. ვიფიქრეთ, მაგრამ შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ სირთულის მიუხედავად, ვერ დავნებდებოდი".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრებში დებიუტი 20 წლის წინ ჰქონდა. მას შემდეგ მან ეროვნულ გუნდში 196-ჯერ ითამაშა და 118 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები