- სან ანტონიოს ლეგენდარულმა მწვრთნელმა ქართველი კალათბურთელი შეაქო
- NBA | მამუკელაშვილს მილუოკი თბილად დახვდა - 12 ქულა ყოფილ გუნდთან
სან ანტონიო სპურსის ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ და ქართველი კალათბურთელი ძალიან დადებით კონტექსტში მოიხსენია.
“მასში ყველაფერი მომწონს, უბრალოდ, ზოგჯერ ცოტა სიმშვიდისკენ მოვუწოდებ ხოლმე, რადგანაც ზედმეტ დაძაბულობას ვამჩნევ. მამუს იუმორის ჩინებული გრძნობა აქვს და ესეც არის მიზეზი, რომ მაგარი ბიჭია. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი მსიამოვნებს და ეს, გადაჭარბებული ნათქვამი ნამდვილად არაა”.
სასიხარულოა, რომ სანდრომ სახელოვანი მწვრთნელის ნდობა ასე მოკლე პერიოდში მოიპოვა, მითუმეტეს, იმ კომენტარის შემდეგ, რომელიც გრეგმა ქართველი ფორვარდის მილუოკიდან ტრანსფერის შემდეგ გააკეთა.
“მამუკელაშვილი? წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვწვრთნი ყველას, ვინც სპურსის დარბაზში შემოდის. ტალანტების მოძიება კი ჩემი საქმე არ არის”, - განაცხადა პოპოვიჩმა ორიოდ კვირის წინ, ახლა კი, როგორც სჩანს, ის მამუს შესაძლებლობებში გაცილებით კარგად გაერკვა.

ბოლო მატჩებია მამუკელაშვილს სპურსში სოლიდური სათამაშო დრო ეძლევა და ისიც პოპოვიჩს იმედებს არ უცრუებს. ნიუ ორლეანს პელიკანსთან მატჩში მან სასტარტო ხუთეულში ითამაშა და სეზონისთვის სარეკორდო 20 ქულა ჩააგდო, დღეს კი, ყოფილ გუნდ მილუოკისთან მოედანზე 28 წუთი გაატარა და 12 ქულას 7 მოხსნა წაამატა.
შეგახსენებთ, რომ სან ანტონიომ სანდრო 3 მარტს სტანდარტული კონტრაქტით აიყვანა. მეტი ამ ხელშეკრულებაზე არ თქმულა, თუმცა ამერიკულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ კლუბმა ქართველ კალათბურთელს ერთწლიანი კონტრაქტი (357 717 დოლარი) გაუფორმა და ეს ხელფასი გარანტირებულია.
ერთწლიანი კონტრაქტი ეწოდება, მაგრამ, ბუნებრივია, მისი ვადა სეზონის ბოლომდეა (სანდროს დატრეიდება 3 ივნისამდეა შესაძლებელი). მამუკელაშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და იმ შემთხვევაში, თუ სან ანტონიოს მისი დატოვება მოესურვება, კონტრაქტი სეზონში 2.2 მილიონიდან და ზემოთ უნდა შესთავაზოს.
კომენტარები