Thumbnail

თბილისის გრანდ სლემი | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თბილისურ ტურნირზე ტატამიზე საქართველოს ნაკრების 40 წევრი გავა
  • ტურნირი 24-26 მარტს არის დაგეგმილი, დღეს კი წილისყრა გაიმართა

24-26 მარტს თბილისში დაგეგმილი გრანდ სლემის წინ წილისყრა გაიმართა და მეტოქეთა ვინაობა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმაც შეიტყვეს. შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ ტურნირზე ტატამიზე 40 ქართველი ძიუდოისტი (28 კაცი და 12 ქალი) გავა.

2022 წელს თემურ ნოზაძემ გადამწყვეტი ორთაბრძოლა გიორგი სარდალაშვილს მოუგო

60 კგ.

3 ქართველი ძიუდოისტი მე-2 წრეშია დაშვებული: გიორგი სარდალაშვილი იამ ვოლჩაკსა (ისრაელი) და ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავს (მონღოლეთი) შორის უმჯობესს შეხვდება, თემურ ნოზაძე რომარიკ ვენდ-იამ ბოუდასა (საფრანგეთი) როდრიგო კოშტა ლოპესის (პორტუგალია) წყვილში გამარჯვებულს დაელოდება, ხოლო ლუხუმ ჩხვიმიანი ან ვიჯაი კუმარ იადავს (ინდოეთი) დაუპირისპირდება ანაც ლიორ რაფაილოვს (ისრაელი). საბა გრიგალაშვილი სასტარტო რაუნდში უზბეკ დოსტონ რუზიევს გაეჯიბრება.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილი მე-2 წრეში ფილიპინელ შუგენ ნაკანოს შეხვდება, გიორგი თუთაშვილის პირველი მეტოქე კვიპროსელი გეორგიოს ბალარჯიშვილი იქნება, ლაშა ნადირაძე მე-2 რაუნდში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის დაუპირისპირდება, იპოლიტე აქუბარდია კი გამოსვლას სასტარტო რაუნდიდან იწყებს და ყირგიზ კუბანიჩბეკ ნურგაზი უულუსთან შერკინება ელის.

73 კგ.

ლაშა შავდათუაშვილი გრანდ სლემში მე-2 წრიდან ჩაებმება და ჩეხ დანიელ პოჩოპსა და ბერძენ დიმიტრიოს გიანოპულოსს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. მიხეილ ბახბახაშვილი პირველ რაუნდში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევს შეხვდება, ხოლო კოტე კაპანაძე – კანადელ ანტუან ბუშარს. გიორგი ტერაშვილი მე-2 წრეში აზერბაიჯანელ ნარიმან მირზაიევისა და იტალიელი ედოარდო მელას წყვილში უმჯობესს შეხვდება.

ბექა ღვინიაშვილი ტიტულის დაცვას ეცდება

81 კგ.

ზაურ დვალაშვილი მე-2 წრეში აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს გაეჯიბრება, გიორგი ჯაბნიაშვილი კი – გერმანელ ტიმო კაველიუსს. დიმიტრი გოჩილაძე საწყის რაუნდში გერმანიის ნაკრების კიდევ ერთ წევრ დომინიკ რესელს შეხვდება, ხოლო ლევან გუგავა – ბერძენ ატანასიოს მილონელისს.

90 კგ.

ბექა ღვინიაშვილი მე-2 რაუნდში ბულგარელ ივაილო ივანოვსა და პოლონელ იაკუბ პანკოვსკის შორის უმჯობესს გაჯიბრება, ლაშა ბექაური ყირგიზი ანარბეკ იშენბაევისა და კანადელი ლუი კრიებერ განონოს ორთაბრძოლის დასრულებას დაელოდება, ლუკა მაისურაძე კი ან არამ გრიგორიანს (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) შეხვდება ანაც ვუგარ ტალიბოვს (აზერბაიჯანი). უშანგი მარგიანი პირველ წრეშია დაშვებული და თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკს დაუპირისპირდება.

100 კგ.

ილია სულამანიძე ჩილელ ტომას ბრისენოსა და უზბეკ მუხამადკოდირ მანსუროვს შორის უმჯობესს გაეჯიბრება და შესაძლოა, მერვედფინალში გიორგი ბერიაშვილს გადაეყაროს, რომელიც პირველ წრეში ხორვატ მარკო კუმრიჩს შეხვდება. მიხეილ ჯაფარიძე ასევე ხორვატ ზლატკო კუმრიჩს დაუპირისპირდება, ხოლო ონისე სანებლიძე გერმანელი ფალკ პეტერსილკასა და ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეშის შეხვედრის დასრულებას დაელოდება.

+100 კგ.

ირაკლი დემეტრაშვილი პირველ წრეში ლიეტუველ იგნას მესაიუსს გაეჯიბრება, გელა ზაალიშვილი მე-2 რაუნდში ან გერმანელ ლოსენი კონეს შეხვდება ანაც ყაზახ გალიმჟან კრიკბაის. გურამ თუშიშვილი ასევე მე-2 წრეშია დაშვებული და ყაზახ ჟამბილ ტურგინალიევსა და თურქ მუნირ ერტუგს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. არსებობს შანსი თუშიშვილი უკვე მეოთხედფინალში შეხვდეს საბა ინანეიშვილს, რომელსაც ჯერ სამხრეთკორეელ სეუნგიეობ ლისთან გაჯიბრება მოუწევს.

შარშანდელ ფინალში ონისე სანებლიძემ გიორგი ბერიაშვილს აჯობა

ქალები

ნატალია ყიფშიძე (48 კგ.) მილიცა ნიკოლიჩს (სერბეთი) შეხვდება, მარიამ ფოცხვერაშვილი (52 კგ.) – მალია სობერანოს (აშშ), ელენე წიკლაური – ჟული ვეილ დიტ მორის (საფრანგეთი), მარი მახარაშვილი – ტოლგანაი აბეუოვას (ყაზახეთი), ნინო წიკლაური (57 კგ.) – ლელე ნაირნეს (დიდი ბრიტანეთი), ნინო ლოლაძე (57 კგ.) – იჩინხორლოო მუნხცედევს (მონღოლეთი), გვანცა მჭედლიშვილი (57 კგ.) – რაფაელ სილვას (ბრაზილია), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) – ნეკოდა სმით-დევისს (დიდი ბრიტანეთი), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ.) – ლუსი რენშალს (დიდი ბრიტანეთი), ნინო გეთიაშვილი (63 კგ.) – გაეტან დებერდტს (საფრანგეთი), რეგინა უთნელიშვილი (70 კგ.) – ქეით-ჯემიმა იეტს-ბრაუნს (დიდი ბრიტანეთი), ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ლიეტუველ სანდრა იაბლონსკიტეს (ლიეტუვა). 

თბილისის გრანდ სლემზე 61 ქვეყნის 419-მდე ძიუდოისტი (221 კაცი, 198 ქალი) დარეგისტრირდა. განრიგის თანახმად, 24 მარტს მედლების მფლობელთა ვინაობა კაცთა 60 და 66 და ქალთა 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გაირკვევა, 25-ში – კაცთა 73 და 81 ქალთა 63 და 70 კგ-ებში, ხოლო 26-ში – კაცთა 90, 100 და +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში. ფინალური ბლოკი სამივე დღეს 17:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა თბილისში შარშან ჩატარებული გრანდ სლემი უდიდესი უპირატესობით მოიგო. ქართველი ძიუდოისტების მონაგარი 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი იყო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.), ონისე სანებლიძე (100 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი სარდალაშვილი (60 კგ.), გიორგი თუთაშვილი (66 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.), გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.), ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) და სოფიო სომხიშვილმა (+78 კგ.) აიღეს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ტურნირზე ხუთივე ჩემპიონს ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები