Thumbnail
  • ნორვეგიის ნაკრების მცველმა, ლეო ოსტიგორმა უთამაშებლობაზე ისაუბრა
  • ის ფიქრობს, რომ კარგ ფორმაშია, რადგან ვარჯიშებზე ხვიჩა კვარაცხელიას ეთამაშება

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლს ნორვეგიის ნაკრებთან საშინაო მატჩით დაიწყებს. ამ შეხვედრაში შედგება ხვიჩა კვარაცხელიას და ლეო ოსტიგორის დუელი, რომელიც ასევე ნაპოლიში თამაშობს.

თუმცა ის ნაპოლიში ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ხვდება, რაც სანაკრებო მატჩების წინ ნორვეგიაში საკმაოდ აღელვებთ - ნაკლები სათამაშო პრაქტიკა. თუმცა, ოსტიგორი დარწმუნებულია, რომ კარგ ფორმაშია.

"როდესაც შენს კლუბში ბევრი სათამაშო დრო არ გაქვს, ბუნებრივია, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევანში კითხვის ნიშნებს ბადებს. ეს მშვენივრად მესმის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლიში ბევრი სათამაშო დრო არ მქონია, თავს კარგად ვგრძნობ. გარწმუნებთ, რომ ვარჯიშებზე, ყოველდღე, ოსიმენისა და კვარაცხელიას მეურვეობა თამაშის ტოლფასია", - თქვა ოსტიგორმა NTB-სთან ინტერვიუში.

ლეო ოსტიგორი და ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშზე

ლეო ოსტიგორი ნაპოლიმ გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ ნორვეგიელი მცველი ლუჩანო სპალეტის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა (1 გოლი). საქართველო-ნორვეგიის მატჩი 28 მარტს, ბათუმში გაიმართება. 23 წლის ფეხბურთელს ნორვეგიის ნაკრებში 9-ჯერ აქვს ნათამაშები და 1 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები