Thumbnail

maligue2.fr-თან ინტერვიუში მეცის შემტევმა ნახევარმცველმა იუსეფ მაზიზმა თანაგუნდელ და მეგობარ გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა. მაროკოული წარმოშობის ფრანგი 24 წლის შემტევი ნახევარმცველია. მოედანზე 22 წლის გიორგი მიქაუტაძე ყველაზე კარგად სწორედ მაზიზს ეწყობა, რომელთან ერთადაც ბელგიურ სერენში იჯარით ითამაშა და ძალიან ნაყოფიერი ტანდემი შექმნა.

"ჟორჟთან ბრწყინვალე ტანდემი შევქმენი. გასულ სეზონში ბელგიაში ერთად ვითამაშეთ, რამაც ჩვენს შორის მოედანზე წარმატებული კავშირი შექმნა. ახლა, როცა მეცში ვთამაშობთ, ორივე კარგად ვათვითცნობიერებთ, როგორ გვეხმარება ეს კავშირი მეცისთვის გადამწყვეტი ფეხბურთელები ვიყოთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია გუნდისთვის და იმედი მაქვს ბოლომდე ასე გაგრძელდება", - განაცხადა მაზიზმა, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნებას ისახავს მიზნად: "ორივემ და მთელმა გუნდმა კარგად ვიცით, რა არის ჩვენი უმთავრესი მიზანი - ელიტაში გადასვლა, ჩვენ კარგი სერია გვაქვს, თუმცა იყო შეცდომებიც, როცა ქულები დავკარგეთ. ბოლომდე დაძაბული სიტუაცია იქნება, რადგან ჩვენს ზემოთ მყოფი გუნდები დანებებას სულაც არ აპირებენ". 

სერენში თამაშისას

სანაკრებო პაუზისას მეცი საფრანგეთის ლიგა 2-ში 28 თამაშიდან 48 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის. ამ წუთისთვის ეს პოზიციები ლე ავრს (57 ქულა) და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს (50) უკავიათ, მეცზე ქულით მეტი აქვს სოშოს. 1-ელ აპრილს მეცი ლავალს უმასპინძლებს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად მეცის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია (3 მილიონი ევრო) ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს, მას 7 საგოლე პასიც აქვს. გიორგი ორივე მაჩვენებლით პირველ ადგილზეა სენტ ეტიენის ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად (რომელსაც ზუსტად 14+7 აქვს). მაზიზი ნახევარმცველია, მის ანგარიშზე 5 გოლი და 4 საგოლე პასია. 

2021/22 წლების სეზონში მაზიზი და მიქაუტაძე ჟუპილერ ლიგაში, მეცის შვილობილ კლუბ სერენში თამაშობდნენ. იუსეფმა ჯამში 37 მატჩში 12 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო გიორგიმ - 34 მატჩში - 14 გოლი და 2 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები