- ესპანური გრანდი დიდი საფრთხის ქვეშაა
- არაა გამორიცხული, ბარსა ევროტურნირებს ჩამოაშორონ
უეფამ ოფიციალური გამოძიება დაიწყო საქმეზე, რომელიც ესპანური ბარსელონას მიერ მსაჯების სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდება.
“უეფას სადისციპლინო რეგლამენტის შესაბამისად, ინსპექტორები დავნიშნეთ, რომლებიც ბარსელონას მხრიდან სამართლებრივი ნორმების შესაძლო დარღვევას შეისწავლიან. საუბარია ე.წ. “ნეგრეირას საქმეზე”, - ნათქვამია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს საგანგებო განცხადებაში.
და რას გულისხმობს აღნიშნული საქმე და ვინაა ნეგრეირა? ის ლა ლიგის მსაჯთა კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, რომელსაც 2001-2018 წლებში ბარსელონას მხრიდან 7.3 მილიონი ევრო აქვს მიღებული. განსაკუთრებით დიდი თანხები ფიგურირებს 2016-18 წლებში და ამ პერიოდს საინტერესო სტატისტიკა ემთხვევა: დაახლოებით 2 წლის განმავლობაში, ბარსელონას კარში პენალტი ერთადერთხელ (!) დაინიშნა, კლუბმა კი 3 შესაძლებლობიდან 2 ჩემპინობა გაიფორმა, ხოლო ესპანეთის თასი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ბარსამ და ნეგრეირამ ბიზნეს-კავშირი აღიარეს, მაგრამ კორუფციულ გარიგებას უარყოფენ. ნეგრეირას თქმით, მისი ფირმა კატალონიური გრანდისგან ფულს მხოლოდ ზეპირი რჩევებისთვის იღებდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ფეხბურთელები ამა თუ იმ არბიტრთან. ასეთ მომსახურებას “ნორმალურს” უწოდებს ბარსელონაც.
გასაგებ მიზეზთა გამო, ამ ვერსიის ბევრს არ სჯერა და უფრო ლოგიკურად ის მიაჩნიათ, რომ აღნიშნული თანხით ბარსელონა ესპანელი მსაჯების კეთილგანწყობას ყიდულობდა. თუკი ეს დამტკიცდა, ცხადია, რომ ბარსას კარგის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. გამორიცხული არაა, უეფამ ბარსელონა მის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს 1 წლით ჩამოაშოროს. ევროპული პრესა უკვე წერს, რომ "ბარსელონა თავზე შავი ღრუბლები გროვდება".
კომენტარები