- 1-7 სექტემბერს საქართველომ ევრობასკეტ 2022-ის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლა
- ფიბამ და კომპანია 'ნილსენ სპორტსმა' ერთობლივი კვლევა გამოაქვეყნეს
კომპანია Nielsen Sports-მა FIBA Europe-სთან ერთად ევრობასკეტ 2022 მასპინძელი ქალაქების საგრებლიანობის სრული კვლევა წარადგინა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს თბილისი, ბერლინი, მილანი, კიოლნი და პრაღა მასპინძლობდნენ. საერთო შეფასებით, ევრობასკეტის მონეტარულმა სარგებელმა ჯამში €270 მილიონი შეადგინა, რაც სამ ნაწილად იყოფა: ეკონომიკური, მედია და სოციალური, თუმცა პირველს უდიდესი წილი ეკუთვნის - €227 მილიონი.

ქალაქებში ყველაზე მეტი სარგებელი ბერლინმა მოიტანა, მესამედი - 83 მილიონი ევრო. ეს ბუნებრივია, რადგან გერმანიის დედაქალაქმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით, ფინალურ ფაზას უმასპინძლა. შემდეგ მოდის: კიოლნი (63), პრაღა (54), მილანი (45) და თბილისი (25). სამწუხაროდ, საქართველოს დედაქალაქი სხვებს ძალიან ჩამორჩა.
ევრობასკეტს სულ 650 ათასი ადამიანი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ორგანიზატორებმა ყველაზე მეტი თანხა ბერლინში დახარჯეს, ყველაზე ნაკლები კი - თბილისში (2.75 მილიონი ევრო). მასპინძელი ქალაქებიდან ყველაზე ნაკლები მაყურებელი ევროპის ჩემპიონატს თბილისში დაესწრო (55 850), უცხოელმა ვიზიტორებმაც ყველაზე ნაკლები თანხა დღიურად საქართველოს დედაქალაქში დახარჯეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისმა ევრობასკეტის A ჯგუფს 1-7 სექტემბერს უმასპინძლა. ილიას ზუროსის გუნდმა 1 მოგებით და 4 მარცხით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ბულგარეთთან ერთად ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა, ესპანეთმა, თურქეთმა, მონტენეგრომ და ბელგიამ ბრძოლა გააგრძელეს. ბერლინში ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, ფინალში 88:76 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები.
კომენტარები