Thumbnail

ფიგურული სრიალი | კაზაკოვა-რევიას წყვილის მე-14 ადგილი რიტმულ ცეკვებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა იასპარეზა
  • მარია კაზაკოვა და გიორგი რევია თავისუფალ ცეკვაში იასპარეზებენ

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილმა იასპარეზა. ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა რიტმული ცეკვა შეასრულა, 33 მონაწილეს შორის ოცეულში მოხვედრა შეძლო და სპარეზობას თავისუფალი ცეკვის შეჯიბრებაში გააგრძელებს.

კაზაკოვა-რევიას გამოსვლა 69,43 ბალით შეფასდა, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა. ქართულმა წყვილმა 38.95 ბალი ტექნიკური ელემენტებისთვის, ხოლო 30.48 ბალი პროგრამული კომპონენტებისთვის მიიღო. 

რიტმულ ცეკვებში საუკეთესო ამერიკელების, მედისონ ჩოკისა და ევან ბეიტსის წყვილი იყო (91,94), მეორე ადგილზე იტალიელები, შარპენ გინიარი და მარკო ფაბრი გავიდნენ (88,21), ხოლო მესამეზე - კანადელები, პაიპერ გილესი და პოლ პუარიე (87,34).
 
"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მეტი ვიმუშავეთ ჩვენს ენერგეტიკასა და ქარიზმაზე. შეიძლება, წყვილი ტექნიკურად ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ თუ ემოციის გადმოცემა არ შეუძლია, მაყურებლისთვის მაინც მოსაწყენი იქნება. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო ნომერი წარგვედგინა და პროცესით ჩვენც მიგვეღო სიამოვნება", - აქვეყნებს მარიას და გიორგის კომენტარს საქართველის ფიგურული ციგურაობის ფედერაცია.

საიტამაში თავისუფალი ცეკვის შეჯიბრება 25 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა ქართულმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, რომელმაც მხოლოდ მე-19 შედეგი აჩვენა. კაცების მოკლე პროგრამაში მორის ყვითელაშვილი 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ნიკა ეგაძე 29-ე იყო და იმ 24 მოციგურავეს შორის ვერ მოხვდა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვეს.

24 იანვარს, იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა შეასრულებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-11 ადგილზე იმყოფება. 25-ში კი კაცების თავისუფალ პროგრამაში მორის ყვითელაშვილი გამოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები