Thumbnail

UPDATE: ახლა უკვე ოფიციალურად: იულიან ნაგელსმანი მიუნხენურ გრანდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

35 წლის სპეციალისტის მოულოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველებმა “კიკერმა” და “ბილდმა” გაავრცელეს - რეკორდმაისტერმა ნაგელსმანი უცებ გაუშვა და თომას ტუხელს ნიშნავს!

ბაიერნის შეფმა ოლივერ კანმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო

პარასკევს დილიდან “ბილდი” იმასაც წერდა, რომ 49 წლის ტუხელი რეკორდმაისტერში პირველ ვარჯიშს უკვე ორშაბათს ჩაატარებს, მისი დებიუტი კი პირველ აპრილს, დორტმუნდის ბორუსიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩში შედგება. შეხსენებას არ საჭიროებს, მაგრამ მაინც: ტუხელი დორტმუნდის ყოფილი მწვრთნელია. ახლა ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს სწორედ BVB ლიდერობს, რომელიც 25 ტურის შემდეგ ბაიერნს 1 ქულით უსწრებს.

'ეს არ არის ის, რასაც ბაიერნი ნიშნავს' - ჰასან სალიჰამიჯიჩი რამდენიმე დღის წინ

რატომ გაუშვეს ნაგელსმანი ასე უცებ? მართალია, გუნდში ბოლო დროს არც ისე ჯანსაღი ვითარება იყო, როგორც ამას ბოსები, ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი ისურვებდნენ, მაგრამ ნაგელსმანის ასე სწრაფად გაშვება მაინც მოულოდნელი ამბავია. ცხადია, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ ლევერკუზენთან მარცხი ვერ გახდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ლევერკუზენთან 1:2-ის შემდეგ, სალიჰამიჯიჩმა გუნდი ძალიან მკაცრად გააკრიტიკა: “ეს არ არის ის, რასაც ბაიერნი ნიშნავს. ასე ცოტა მოძრაობა, ასეთი მენტალიტეტი, ასეთი ორთაბრძოლები - ბაიერნში იშვიათად მინახავს.” - თქვა “ბრაცომ” ერთი იმ წაგების შემდეგ, რომელმაც ბაიერნს ბუნდესლიგაში ლიდერობა დააკარგვინა.

თამამი პროექტი სახეწოდებით "ახალგაზრდა იულიანი" ჩავარდა

მიუხედავად ამისა, ნაგელსმანის გაშვებას მაინც არავინ ელოდა. ახალგაზრდა სპეციალისტი ოთხშაბათს ჯერ კიდევ ავსტრიულ ცილერტალში იყო თხილამურებით სასრიალოდ…

ჩვენი გერმანელი კოლეგები წერენ: ბაიერნის ხელმძღვანელები სწორედ ამ დღეებში მივიდნენ საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ რეგრესი ნაგელსმანის ბრალია. რეგრესში ისინი იმას გულისხმობენ, რომ წელს ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიასთან 10-ქულიანი უპირატესობა გაანიავა.

საინტერესოა, რომ ნაგელსმანს ვერც ჩემპიონთა ლიგაში იდეალურმა ბალანსმა უშველა: ბაიერნს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ყველა, რვავე თამაში მოგებული აქვს და მერვედფინალიდან პარი სენ-ჟერმენი გააგდო.

მიუხედავად ამისა, მაინც გაუშვეს! იმიტომ, რომ ტუხელის დანიშვნა ძალიან უნდოდათ? 

თომას ტუხელს უმუშევრად დიდხანს არავინ დატოვებდა

როგორც ჩანს, ბაიერნის ბოსებს სანაკრებო პაუზა მწვრთნელის შესაცვლელად იდეალურ მომენტად ენიშნათ. “ბილდის” ინფორმაციით, ნაგელსმანს გადაწყვეტილება ხუთშაბათს საღამოსვე შეატყობინეს.

კანმა და სალიჰამიჯიჩმა დაინახეს საფრთხე, რომ ბაიერნმა შეიძლება ყველა ტურნირი ვერ მოიგოს და დორტმუნდთან (ბუნდესლიგა), ფრაიბურგთან (გერმანიის თასი) და მანჩესტერ სიტისთან (ჩემპიონთა ლიგა) გადამწყვეტი მატჩების წინ მწვრთნელი შეცვალეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბაიერნის ხელმძღვანელებს ეშინოდათ. რისი? ტუხელის დაკარგვის! კანმაც და სალიჰამიჯიჩმაც კარგად იცოდნენ, რომ ტუხელს უმუშევრად დიდხანს არავინ გააჩერებდა. შესაძლოა, ახალი სეზონისთვის მადრიდის რეალში მიეწვიათ. ტუხელი ტოტენჰემსაც აინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებმა ადრე ერთხელ უკვე სცადეს ტუხელის დანიშვნა, მაგრამ მაშინ რეკორდმაისტერს პსჟ-მ დაასწრო. ეს 2018 წელს მოხდა. ახლა კი, 5 წლის შემდეგ, ტუხელი მაინც ხდება ბაიერნის მთავარი მწვრთნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები