Thumbnail
  • თბილისში გრანდ სლემზე პირველი დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა
  • საქართველოს ნაკრებს თითო ოქროს და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს

თბილისის გრანდ სლემზე პირველი დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც ბრძოლას ფინალურ ბლოკში გააგრძელებენ. საქართველოს ნაკრებს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს - ოქროს და ბრინჯაოს! ფინალში გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) იბრძოლებს, ბრინჯაოსთვის კი ვაჟა მარგველაშვილი (-66) იჭიდავებს.

თბილისის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება და რეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

"თბილისი არენაზე" მედლები კაცებში 60 და 66 კგ-მდე, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან პირველ დღეს ტატამიზე 16 ძიუდოისტი გავიდა - 8 კაცი და ამდენივე ქალი და მათგან ორმა ფინალურ ბლოკში გააღწია. 

ვაჟას თბილისის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგის გამეორების შანსი აქვს

უმსუბუქეს წონაში გიორგი სარდალაშვილმა გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და მონღოლ ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავს და ყაზახ მაგჟან შამშადინს აჯობა. 19 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში უკრაინელ დილშოტ ხალმატოვს დაძაბული შეხვედრა დამატებით დროში, ვაზარზე შესრულებული გდებით მოუგო და ფინალშია, სადაც მეტოქედ აზერბაიჯანელი ტურამ ბაირამოვი ჰყავს.

ამავე წონაში მესამე წრეში, ყაზახ კანატ სეილხანთან დამარცხებული ლუხუმ ჩხვიმიანი, სანუგეშო ტურნირში გადაერთო, მაგრამ უკრაინულ არტიომ ლესიუკთანაც წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. 

66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა მეორე წრეში ფილიპინელ შუგენ ნაკანოს, მესამეში კი ლატვიელ ენტონი დე ანგელისს აჯობა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ყაზახ გურსმან კირგიზბაიევს დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში გაფრთხილებებით მოუგო. 


ნახევარფინალში ვაჟა ყირგიზ კუბანიჩბეკ აიბეკ უულუს შეხვდა და დამატებით დროში, ვაზარით დამარცხდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მარგველაშვილის მეტოქე იტალიელი მატეო პირასი იქნება. 

ტურნირის შარშანდელმა ვიცე-ჩემპიონმა გიორგი თუთაშვილმა კვიპროსელ გეორგიოს ბალარჯიშვილს, ბაჰრეინელ რამაზან კოდჟაკოვსა და ესპანელ ალბერტო გაიტერო მარტინს კი მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში ყირგიზ კუბანიჩბეკ აიბეკ უულუსთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო. სამწუხაროდ, გიორგიმ ყაზახ გუსმან კირგიზბაიევთანაც წააგო და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.


სამწუხაროდ, საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ თბილისის გრანდ სლემის შარშანდელი გამარჯვებული თემურ ნოზაძე, საბა გრიგალაშვილი (ორივე -60), ლაშა ნადირაძე, იპოლიტე აქუბარდია (ორივე -66), ნატალია ყიფშიძე (-48), მარიამ ფოცხვერაშვილი, ელენე წიკლაური, მარი მახარაშვილი (ყველა -52), ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი და ტურნირის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ეთერ ლიპარტელიანი (ყველა -57). 

კომენტარები

ბოლო ამბები