Thumbnail
  • ხორხე კლიმენტმა ილია თოფურიას შესახებ ესპანურ პოდკასტში ისაუბრა
  • მწვრთნელის სიტყვებით, "მატადორს" UFC 290-ზე ჩხუბი ძალიან უნდა

ილია თოფურიას (13-0) მთავარმა მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა KOlmenero-ს პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ "მატადორს" UFC 290-ზე ჩხუბი სურს, სავარაუდო მეტოქედ ორი ვარიანტი განიხილება: ჯოშ ემეტი (18-3) და ბრაიან ორტეგა (15-3).

ლას ვეგასში გასამართი UFC 290 წლის საუკეთესო საღამო იქნება. დიდი ალბათობით, 9 ივლისს ოქტაგონზე ჯონ ჯონსი (27-1) და ალექსანდრ ვოლკანოვსკი (25-2) გავლენ, პლანეტის ორი საუკეთესო მებრძოლი. ნევადაში იჩხუბებს UFC-ის ამომავალი ვარსკვლავი ბო ნიკალი (4-0) და შესაძლოა, ტონი ფერგიუსონისა (25-8) და კევინ ლის (19-7) ბრძოლაც ვიხილოთ. საბრძოლო კვირა მედიისა და მაყურებელთა რაოდენობით, 2023 წელს MMA-ის ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება და ცხადია, მასში მონაწილეობის მიღება ქართველსაც სურს. 

(მარცხნიდან) ხორხე კლიმენტი, ილია და ალესანდრე თოფურიები

"9 ივლისს ჩხუბით დაინტერესებულები ვართ, რადგან ამ დღეს ბრძოლას ძალიან დიდი სახელები ჩაატარებენ. ილია დაინტერესებულია მედიის ყურადღებით, მას დიდი მომენტებით სარგებლობა უნდა, რაც თავის უკეთ წარმოჩენაში დაეხმარება. თუმცა, მეტოქე ჯერ ვერ ვიპოვეთ. ორი ვარიანტი გვაქვს - ჯოშ ემეტი და ბრაიან ორტეგა. "თი სითიმ" ტვიტერში გაურკვეველი კომენტარი დაწერა, ემეტს ბრძოლა 1 კვირის წინ შესთავაზეს, პასუხი ჯერ არ მიგვიღია. მოგვიწევს დავიცადოთ, სანამ რომელიმე მათგანი არ დათანხმდება. ამ მატჩის მოგების შემდეგ ერთადერთი მიზანი გვექნება - ქამარზე ჩხუბი. მიმაჩნია, რომ ჯოშის ან ბრაიანის დამარცხების შემთხვევაში, ილიას მეტი ბრძოლის ჩატარება სატიტულო დაპირისპირებისთვის აღარ დასჭირდება," - განაცხადა კლიმენტმა. 

სავარაუდოდ, თუ თოფურია ამერიკელის ან მექსიკელის დამარცხებას შეძლებს, პირდაპირ სატიტულო ბრძოლას მაინც ვერ მიიღებს. სიაში მის წინ არნოლდ ალენი (19-1) გახლავთ, რომელსაც UFC-ში ზედიზედ 10 მატჩის აქვს მოგებული და 16 აპრილს მაქს ჰოლოუეის (23-7) შეხვდება. ილიას საჩემპიონო ჩხუბის მისაღებად, დიდი ალბათობით, 2 მოგება დასჭირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები