Thumbnail

თბილისში დაწყებულ გრანდ სლემზე საქართველოს პირველი მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა, რომელმაც ტურნირში შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

19 წლის ძიუდოისტი 60 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მასზე ერთი წლით უფროს აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს დაუპირისპირდა. სარდალაშვილი ვაზარით აგებდა, რის შემდეგაც გათანაბრება მოახერხა, მაგრამ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა კიდევ ერთი გდება შეასრულა და გამარჯვება მას დარჩა.


ნიჭიერმა ქართველმა ძიუდოისტმა თბილისის 2023 წლის გრანდ სლემზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და მონღოლ ცოგტ-ოჩირ ბიამბაჯავს და ყაზახ მაგჟან შამშადინს აჯობა, ნახევარფინალში კი უკრაინელ დილშოტ ხალმატოვს დაძაბული შეხვედრა დამატებით დროში, ვაზარიზე შესრულებული გდებით მოუგო. 

აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი სარდალაშვილისთვის, რომელიც ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია (2021 წელს), უფროსებში მოგებული მეოთხე მედალია. გიორგიმ შარშან აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქრო მოიპოვა, თბილისის გრანდ სლემზე - ვერცხლი, ხოლო ზაგრების გრან პრიზე - ბრინჯაო.

საქართველოს ნაკრებისთვის ბრინჯაოს მედლის მოპოვებას ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება

"თბილისი არენაზე" მედლები კაცებში 60 და 66 კგ-მდე, ხოლო ქალებში 48, 52 და 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე 16 ძიუდოისტი გავიდა - 8 კაცი და ამდენივე ქალი, მათგან ფინალურ ბლოკში გასვლა კი მხოლოდ ორმა შეძლო. მოგვიანებით ბრინჯაოს მედლისთვის 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები