- თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველო ერთ მედალს დასჯერდა
- თბილისის გრანდ სლემი | სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
- თბილისის გრანდ სლემი | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ მედალს - ვერცხლს დასჯერდა, რომელიც 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა. ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ვაჟა მარგველაშვილს (-66 კგ), მაგრამ დამარცხდა.
მედლისთვის შეხვედრაში მარგველაშვილის მეტოქე იტალიელი მატეო პირასი იყო. სამწუხაროდ, ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე, იტალიელმა ქართველი ძიუდოისტი შებოჭა და გამარჯვება იზეიმა.
29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა თბილისის გრანდ სლემზე გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო. ვაჟამ ჯერ ფილიპინელ შუგენ ნაკანოს აჯობა, შემდეგ კი ლატვიელ ენტონი დე ანგელისს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ყაზახ გურსმან კირგიზბაიევს დაძაბულ ბრძოლაში, დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.
ნახევარფინალში მარგველაშვილი ყირგიზ კუბანიჩბეკ აიბეკ უულუს შეხვდა და დამატებით დროში, ვაზარით დამარცხდა. სამწუხაროდ, ვაჟამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაც დათმო და თბილისის გრანდ სლემზე შარშანდელი შედეგის გამეორება ვეღარ შეძლო.
25 მარტს "თბილისი არანზე" მედლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. კაცთა -73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი, მიხეილ ბახბახაშვილი, კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი გამოვლენ, ხოლო -81 კგ-ში - ზაურ დვალაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, დიმიტრი გოჩილაძე და ლევან გუგავა. ქალთა 63 კგ-მდე წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი და ნინო გეთიაშვილი იჭიდავებენ, ხოლო -70 კგ-ში რეგინა უთნელიშვილი წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა თბილისში შარშან ჩატარებული გრანდ სლემი უდიდესი უპირატესობით მოიგო. ქართველი ძიუდოისტების მონაგარი 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი იყო.
კომენტარები