Thumbnail
  • 📅 25 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 18:00 | ⚽ საქართველო V მონღოლეთი
  • 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმის არენა | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
  • ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მონღოლეთთან მატჩის წინ

საქართველოს ნაკრები უკვე ბათუმშია, სადაც შაბათს, 25 მარტს მონღოლეთის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავს, ხოლო სამშაბათს, 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩით დაიწყებს.

მონღოლეთთან ამხანაგური მატჩის წინ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ბათუმში, პარასკევს საღამოს გამართა.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

...მონღოლეთთან თამაშზე: "მონღოლეთის ნაკრებზე არცთუ ისე ბევრი რამეა ცნობილი, მაგრამ მე ვუყურე მათ თამაშებს და ამის მიხედვით ვემზადებით მატჩისთვის. ჩემს ფეხბურთელებს კონკრეტულ დეტალებს ვუზიარებ. ახალი სახეების მოედანზე ხვალ გამოჩენა მოსალოდნელია, გარკვეული ცვლილებები იქნება. ამხანაგური მატჩები გარკვეულწილად სწორედ ამისთვისაა, რომ ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ და გავიგოთ, რა შეუძლიათ მათ. თუმცა, ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის ჩემი მიდგომა: მნიშვნელობა არ აქვს, ამხანაგური თამაშია, ოფიციალური, თუ ვინ არის მეტოქე - ყოველთვის ვითხოვთ დისციპლინას, პროფესიონალურ მიდგომას და შედეგს".

...გიორგი მიქაუტაძეზე: "მას თავის დროზე გარკვეული შენიშვნები მივეცით. ვფიქრობ, რომ მიქაუტაძემ ეს ყველაფერი გაითვალისწინა. ახლა მთავარია, რომ ნაკრებმა ისარგებლოს მისი შესაძლებლობებით. გეთანხმებით, რომ ალბათ, არ არის ტიპური 9 ნომერი, თუმცა თავდამსხმელისთვის ყველა საჭირო თვისება აქვს, სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია. მისგან ბევრ კარგ რამეს ველოდები".

'მუდმივად ხვიჩაზე საუბარი ცოტა უხერხულია' - ვილი სანიოლი

...ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ: "ის უძლიერეს კლუბსა და ჩემპიონატში თამაშობს, გადასარევ მწვრთნელთან. ყველა ვხედავთ, ყველას გვიხარია მისი წარმატებები. აქვე ვიტყოდი, რომ მუდმივად ხვიჩაზე საუბარი ცოტა უხერხულია. გასაგებია, რომ ყველა გუნდს ჰყავს და სჭირდება კიდეც თავისი ლიდერი, ყველა ქვეყანაში ასეა, მათ შორის ჩვენთანაც, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებას გუნდი აღწევს და არა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი. ევროპის ჩემპიონატზე თუ გავალთ, იქ საქართველოს ნაკრები ითამაშებს ხვიჩასთან ერთად და არა მარტო ხვიჩა. მისი მიდგომა, მისი მონდომება და პროფესიონალიზმი არ შეცვლილა. მახსოვს ის დრო, როცა მის შესახებ არცთუ ისე დადებითი კომენტარები კეთდებოდა, ახლა, რა თქმა უნდა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, საქართველოში გმირია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, მას ყველაფერი წინ აქვს. რაც მთავარია, ჩვენი გუნდის ნაწილია, იდეალური თანაგუნდელია".

...ლუკა გუგეშაშვილის შესახებ: "ლუკა პირველად შარშან გამოვიძახეთ, მაგრამ მაშინ არ იყო საუკეთესო ფორმაში. თუმცა, ბოლო პერიოდში მისი თამაშიდან გამომდინარე დამარწმუნა, რომ ჩვენს დასახმარებლად მზადაა. ახლა სულ სხვა მეკარეა, ვიდრე ადრე, ფიზიკურად ბევრად უკეთეს ფორმაშია და უფრო მონდომებულიცაა. ვფიქრობ, რომ ერთ დღეს მზად იქნება სათამაშოდ. ხვალ კარში გიორგი ლორია იქნება, რომელიც გუნდს უკაპიტნებს“.

...სიგუას შესახებ: "ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, დიდი მომავალი აქვს, მათ შორის, ნაკრებში. თავიდან ცოტა თავშეკავებული იყო, რაც გასაგებია, რადგან პირველად გამოვიძახეთ, თანაგუნდელების უმრავლესობას არ იცნობდა. მას ვესაუბრე, დაწვრილებით ვუთხარით, რისი გაუმჯობესება შეუძლია უახლოეს მომავალში. რაკი მესამე მეკარის გარდა ყველა გარკვეულ სათამაშო დროს მიიღებს, ისიც ითამაშებს, თუმცა არ ვიცი, ზუსტად რამდენ დროს გაატარებს მოედანზე".

'ბათუმში თამაში სასიამოვნოა და მჯერა, რომ ქომაგები ხვალაც დიდ მოტივაციას მოგვცემენ'

...ბათუმში თამაშსა და ბათუმელ გულშემატკივარზე: "ბათუმში პირველი ორი თამაშის ჩატარება უმაყურებლოდ მოგვიწია, მაგრამ შვედეთთან შესანიშნავი ატმოსფერო იყო, რაც იმ თამაშის მოგებაში დაგვეხმარა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ორ თამაშშიც ასე იქნება. რა თქმა უნდა, მოლოდინი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში კარგი შედეგები ვაჩვენეთ. გულშემატკივარი ყოველთვის გვაძლიერებს, ბათუმში თამაში სასიამოვნოა და მჯერა, რომ ხვალაც დიდ მოტივაციას მოგვცემენ სასურველი შედეგის მისაღწევად".

პრესკონფერენციაზე ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ: "ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგური თამაშია თუ ოფიციალური, მოედანზე გავდივართ და 100%-ით ვიხარჯებით. ხვალაც ასე იქნება. ყველამ ვიცით, რა საშინელებაც მოხდა თურქეთში. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ძალიან დამეხმარა ვარჯიში, ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე".

შეგახსენებთ, რომ საქართველო-მონღოლეთის მატჩი 25 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება, ნორვეგიასთან თამაში კი 28 მარტს - 20:00 საათზე.

კომენტარები

ბოლო ამბები