Thumbnail

ესეც ასე, უკვე ოფიციალურად: იულიან ნაგელსმანი ბაიერნის მთავარი მწვრთნელი აღარ არის!

პარასკევს საღამოს, მიუნხენურმა გრანდმა ოფიციალურად დაადასტურა ის, რაც გერმანულმა მედიამ ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა: 35 წლის სპეციალისტი გათავისუფლებულია. 

აი, რას წერს კლუბი ოფიციალურ განცხადებაში: “მიუნხენის ბაიერნმა მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ გენერალური დირექტორი ოლივერ კანი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერთან შეთანხმების შემდეგ. ნაგელსმანს თომას ტუხელი შეცვლის. ტუხელი მიიღებს კონტრაქტს 2025 წლის 30 ივნისამდე და გუნდს პირველად ორშაბათს ავარჯიშებს.”

იულიან ნაგელსმანს ბაიერნში თომას ტუხელი შეცვლის

რას ამბობს ოლივერ კანი: “2021 წლის ზაფხულში, როცა იულიან ნაგელსმანი დავნიშნეთ, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მასთან ერთად დიდხანს ვიმუშავებდით და სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი ბოლო მომენტამდე. იულიანი იზიარებს ჩვენს მოწოდებას, რომ ბაიერნმა წარმატებული და მიმზიდველი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. მაგრამ ახლა მივედით იმ დასკვნამდე, რომ მიუხედავად შარშანდელი გერმანიის ჩემპიონობისა, ჩვენი გუნდი ხარისხს უფრო და უფრო ნაკლებად აჩვენებდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უფრო და უფრო ნაკლებად წარმატებულ და ნაკლებად მიმზიდველ ფეხბურთს ვთამაშობდით. არასტაბილურობამ ჩვენი მიზნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ სეზონშიც და სამომავლოდაც. ამიტომაცაა ჩვენი რეაქცია ასეთი. პირადად და ბაიერნის სახელით მინდა, იულიანს და მის სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო და სამომავლოდ წარმატება და იღბალი ვუსურვო.”

'არასტაბილურობამ ჩვენი მიზნები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ სეზონშიც და სამომავლოდაც.'

რას ამბობს სალიჰამიჯიჩი: “მას შემდეგ, რაც ბაიერნში ამ პოზიციაზე ვმუშაობ, ეს ჩემთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. იულიანთან პირველივე დღიდან გულახდილი, ნდობით აღსავსე და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მასთან განშორების გამო ვწუხვარ, მაგრამ ჩვენი სპორტული განვითარების დეტალური ანალიზის შემდეგ, განსაკუთრებით იანვრის შემდგომ პერიოდში, ერთად გადავწყვიტეთ, რომ დავემშვიდობოთ. მისი მადლიერი ვარ ყველაფრის გამო, რაც ბაიერნისთვის გააკეთა და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ.”

გერმანული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლებას თვითონ ნაგელსმანიც არ ელოდა. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ის ავსტრიაში, კერძოდ კი ცილერტალში იმყოფებოდა - თხილამურებით სასრიალოდ. ბაიერნის ხელმძღვანელები სწორედ ამ დღეებში მივიდნენ საბოლოოდ იმ დასკვნამდე, რომ რეგრესი ნაგელსმანის ბრალია. რეგრესში ისინი იმას გულისხმობენ, რომ წელს ბაიერნმა დორტმუნდის ბორუსიასთან 10-ქულიანი უპირატესობა გაანიავა.

საინტერესოა, რომ ნაგელსმანს ვერც ჩემპიონთა ლიგაში იდეალურმა ბალანსმა უშველა: ბაიერნს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ყველა, რვავე თამაში მოგებული აქვს და მერვედფინალიდან პარი სენ-ჟერმენი გააგდო.

როგორც ჩანს, ბაიერნის ბოსებს სანაკრებო პაუზა მწვრთნელის შესაცვლელად იდეალურ მომენტად ენიშნათ. “ბილდის” ინფორმაციით, ნაგელსმანს გადაწყვეტილება ხუთშაბათს საღამოსვე შეატყობინეს.

კანმა და სალიჰამიჯიჩმა დაინახეს საფრთხე, რომ ბაიერნმა შეიძლება ყველა ტურნირი ვერ მოიგოს და დორტმუნდთან (ბუნდესლიგა), ფრაიბურგთან (გერმანიის თასი) და მანჩესტერ სიტისთან (ჩემპიონთა ლიგა) გადამწყვეტი მატჩების წინ მწვრთნელი შეცვალეს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ბაიერნის ხელმძღვანელებს ეშინოდათ. რისი? ტუხელის დაკარგვის! კანმაც და სალიჰამიჯიჩმაც კარგად იცოდნენ, რომ ტუხელს უმუშევრად დიდხანს არავინ გააჩერებდა. შესაძლოა, ახალი სეზონისთვის მადრიდის რეალში მიეწვიათ. ტუხელი ტოტენჰემსაც აინტერესებს.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებმა ადრე ერთხელ უკვე სცადეს ტუხელის დანიშვნა, მაგრამ მაშინ რეკორდმაისტერს პსჟ-მ დაასწრო. ეს 2018 წელს მოხდა. ახლა კი, 5 წლის შემდეგ, ტუხელი მაინც ხდება ბაიერნის მთავარი მწვრთნელი.

კანი და სალიჰამიჯიჩი ტუხელს “ალიანც არენაზე” შაბათს წარადგენენ. ორშაბათს ის გუნდს პირველად ავარჯიშებს, 1 აპრილს კი დებიუტი ექნება დორტმუნდს ბორუსიასთან მატჩში, რომელიც უკვე არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ცენტრალური მატჩი იქნება!

კომენტარები

ბოლო ამბები