Thumbnail
  • ოლიმპი 95:92 ბარსი ატირაუ
  • დავით როგავას გუნდმა ფინალისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა

თბილისის ოლიმპმა კავკასიის საკალათბურთო ლიგის პლეი ოფში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. დავით როგავას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში ყაზახური ბარსი ატირაუ დაძაბულ და დრამატულ მატჩში 95:92 დაამარცხა. თბილისურ კლუბს გმირად ვლადიმერ თავაქარაშვილი მოევლინა, რომელმაც ბოლო წამზე მატჩის მომგები სამქულიანი ჩააგდო.    

თბილისურმა გუნდმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო, თუმცა შემდეგ მოეშვა, რითაც ბარსის კალათბურთელებმა ისარგებლეს, თამაშში დაბრუნდნენ და მეორე მეოთხედის ბოლოს წინაც გავიდნენ. მიუხედავად ამისა, თბილისელებმა პირველი ტაიმი 55:51 მოიგეს.   

როგავას გუნდი მატჩის განმავლობაში რამდენჯერმე იყო 10 ქულით წინ, თუმცა გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო და მატჩის ბოლოს თამაში ქულა ქულაში წავიდა.

ქართული გუნდის მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა დრუ კუქსჰაუსენსმა, რომელსაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 6 ასისტი ჰქონდა. მას მეტი ქულის ჩააგდებაც შეეძლო, თუმცა ჯარიმების ლიმიტის ამოწურვის გამო მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. კუქსჰაუსენსის მსგავსად თამაში ნაადრევად დაასრულა ლინტონ ესლაისმა (26 ქულა, 7 მოხსნა, 3 ასისტი), რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით ხშირად იყო უკმაყოფილო და მათთან მუდმივად კამათობდა. ბარსი ატირაუს მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩატაარა რუსტამ უტეგენმა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტია.

ნახევარფინალური სერია 2 მოგებამდეა. ოლიმპმა დღევანდელი გამარჯვებით ნახევარი საქმე გააკეთა. როგავას გუნდი მეორე შეხვედრას ყაზახური კლუბის წინააღმდეგ 25 მარტს ჩაატარებს. ფინალში გასვლის შემთხვევაში, თბილისურ კლუბს ვაჰანი სიტისთან დაპირისპირება მოუწევს.  


დავით როგავა (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): "მარტივ თამაშს არ ველოდები, ჩვენს წინააღმდეგ ყველა ხუთმაგი მოტივაციით გამოდის. გუნდის თამაშით და ქცევით არ ვარ კმაყოფილი. როდესაც თამაშში გარდატეხის შეტანა შეგიძლია, ეს უნდა გააკეთო. არ უნდა ჩათვალო, რომ თამაში მოიგე, რადგან ყველა გუნდს აქვს საშუალება, მატჩში დაბრუნდეს. ვფიქრობ, დღეს გაგვიმართლა. მოგებას არ ვიმსახურებდით. ერთი სროლით მოვიგეთ თამაში. 30 წუთი საშინელი კალათბურთი ვითამაშეთ და მოედანზე საშინლად ვიქცეოდით. ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვა და თამაში ბოლო სროლამდე მივიდა, სადაც ძალიან გაგვიმართლა. რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ თამაში მოგებული იყო. მეტოქის დაუფასებლობაა, რადგან ვიფიქრეთ, რომ მარტივად მოგება შეგვეძლო. მხოლოდ 6 წუთი ვითამაშეთ, რაც უნდა გვეთამაშა, დანარჩენი 34 წუთი უბრალოდ მოედანზე დავდიოდით, ან მსაჯებს ველაპარაკებოდით, რაც მიუღებელია. არცერთ მოთამაშეს ამაში არ გავამხნევებ (საუბარია მსაჯთან კამათზე), ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ვარ, მაგრამ ასეთ საქციელში არა."

ვლადიმერ თავაქარაშვილი (ოლიმპის კალათბურთელი): "ისეთი ტურნირია, სულ მზად უნდა იყო. აქ თამაში ძალიან ძნელია და ეს დღევანდელმა მატჩმაც დაამტკიცა. თითქმის 20 ქულას ვიგებდით და ქამბექი გაგვიკეთეს და წინ გავიდნენ. ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ. ხვალინდელ შეხვედრაში უფრო მოტივირებულები გამოვალთ. შეიძლება, მთელი მატჩი სროლა არ მოგიწიოს და ბოლოს გადამწყვეტ მომენტში მოგიწიოს. ამიტომ, სულ მზად უნდა იყო, ეს ჩემი რჩევაა ყველა კალათბურთელისთვის. დღეს დამტკიცდა და ეს აქამდეც მიქნია, რომ თავი ასეთ მომენტებში უნდა გამოიჩინო და არ უნდა შეგეშინდეს."

კომენტარები

ბოლო ამბები