- ვაშინგტონ უიზარდსი 136:124 სან ანტონიო სპურსი
- სანდრო მამუკელაშვილმა სპურსის სასტარტო ხუთეულში ითამაშა
- ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია
სანდრო მამუკელაშვილმა კვლავ სან ანტონიოს სასტარტო ხუთეულში ითამაშა. 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ვაშინგტონ უიზარდსთან გასვლთ შეხვედრაში მოედანზე 28:03 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
სპურსი ისევ დამარცხდა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მასპინძლები ანგარიშში უპირატესობას პირველ მეოთხედშივე დაეუფლნენ და მთლიანობაში, თამაშსაც თავად აკონტროლებდნენ. სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მხოლოდ დიდი შესვენების შემდეგ ჰქონდათ, როდესაც წინ 4 ქულით გავიდნენ, მაგრამ შემდეგ ინიციატივა ისევ უიზარდსის ხელში გადავიდა და შეხვედრა საბოლოოდ მისი გამარჯვებით დასრულდა.
სანდრომ მეტოქის ფარს პერიმეტრიდან ორჯერ და არაზუსტად შეუტია, საშუალო დისტანციიდან კი 6 მცდელობიდან 5 გამოიყენა. ბურთი შეტევაში 3-ჯერ, საკუთარ ფარზე კი 2-ჯერ მოხსნა. ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ კი დაჯარიმდა.
მოედანზე ყველაზე შედეგიანი სპურსის ფორვარდი კელდონ ჯონსონი იყო, რომელმაც 30 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. სტუმართა რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა ტრე ჯონსსაც - 10 ქულა, 12 პასი. გამარჯვებულებს 26 ქულით კორი კისპერტმა ულიდერა.
სან ანტონიო სპურსს 19 მოგება და 55 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 27 მარტს, სტუმრად ბოსტონ სელტიქსთან ჩაატარებს.
კომენტარები