- ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა საიტამაში გამოსვლა დაასრულა
- კაზაკოვამ და რევიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-13 ადგილი დაიკავეს
იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილმა გამოსვლა დაასრულა. ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა თავისუფალი ცეკვა შეასრულა და საბოლოოდ მე-13 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ საიტამაში მარიამ და გიორგიმ რიტმულ ცეკვაში 69,43 ქულით მე-14 ადგილი დაიკავეს, საუკეთესო ოცეულში მოხვდნენ და თავისუფალ ცეკვაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს. ამ დისციპლინაში კაზაკოვა-რევიას წყვილმა 111.79 ქულა დაიმსახურა (63.85 ტექნიკურ ელემენტებში, 47.94 პროგრამულ კომპონენტებში), რაც მე-12 შედეგი აღმოჩნდა.
მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას ჯამური 181.22 ქულა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-13 შედეგი აღმოჩნდა, რაც წყვილის კარიერის საუკეთესო შედეგია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ყინულზე ცეკვაში საუკეთესოები ამერიკელები, მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი იყვნენ (226,01). მეორე ადგილზე იტალიელიები, შარპენ გინიარი და მარკო ფაბრი გავიდნენ (2019,85), მესამეზე კი კანადელები, პაიპერ გილესი და პოლ პუარიე (217,88).
საიტამაში მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 25 მარტს დასრულდება. დღეს ყინულზე მორის ყვითელაშვილიც გავიდა, რომელმაც თავისუფალი პროგრამა შეასრულა. შეგახსენებთ, რომ ყვითელაშვილი კაცების მოკლე პროგრამაში 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ნიკა ეგაძე 29-ე იყო და იმ 24 მოციგურავეს შორის ვერ მოხვდა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვეს. საბოლოოდ, მორისი მე-20 ადგილზე გავიდა.
კომენტარები