- თბილისის გრანდ სლემზე მეორე დღის წინასწარი შეხვედრები დასრულდა
- 11 ქართველი ძიუდოისტიდან ფინალურ ბლოკში გასვლა სამმა მოახერხა
- ბრინჯაოს მოპოვების შანსი შავდათუაშვილს, კაპანაძეს და გოჩილაიძეს აქვთ
- თბილისის გრანდ სლემი | სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისის გრანდ სლემზე მეორე საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები დასრულდა და გაირკვა იმ ძიუდოისტების ვინაობა, რომლებიც მედლებისთვის ბრძოლას ფინალურ ბლოკში გააგრძელებენ.
25 მარტს "თბილისი არანაზე" მედლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. ასპარეზობაში 11 ქართველი ძიუდოისტი ჩაება - 8 კაცთა, ხოლო 4 ქალთა ტურნირში. სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერცერთმა შეძლო, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას კი ლაშა შავდათუაშვილი, ცოტნე კაპანაძე (ორივე -73) და დიმიტრი გოჩილაიძე (-81 კგ) აგრძელებენ.
თბილისის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 17:00 სთ-იდან დაიწყება და რეპორტაჟს "ტელესკოლა" წარმოადგენს.

სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას ჩამოშორდა თბილისის გრანდ სლემის შარშანდელი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტურნირში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ჩეხ დანიელ პოჩოპს და იტალიელ გაბრიელე სულის აჯობა, მაგრამ 1/4-ფინალში მონღოლ ერდენებაიარ ბაცაიასთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ ლაშამ კუბელ მაგდიელ ესტრადას დამატებით დროში, გაფრთხილებებით მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის 22 წლის ბულგარელ მარკ ჰრისტოვს დაუპირისპირდება.

73 კგ-ში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის კოტე კაპანაძე იბრძოლებს. 20 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში კანადელ ანტუან ბუშარს სძლია, შემდეგ კი გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ დიოგო სეზარს და მონღოლ ცოგთბაათარ ცენდ-ოჩირს აჯობა. კოტემ მსოფლიოს მონღოლ ჩემპიონს ბრწყინვალე ილეთით მოუგო.
კოტე კაპანაძე 1/4-ფინალში ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს დამაჯერებლად სძლია და მედლისთვის ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან იჭიდავებს.
დიმიტრი გოჩილაიძემ საწყის ეტაპებზე გერმანელ, იტალიელ და ჩეხ მეტოქეებს აჯობა, 1/4-ფინალში კი ძალიან დაძაბული შეხვედრა ფრანგ არნო არებას მოუგო. 23 წლის ქართველმა ძიუდოისტი ძირითად დროში ვაზარით წინ იყო, მაგრამ მეტოქეს ბოლო წამებზე გათანაბრების საშუალება მისცა. ორთაბრძოლა დამატებით დროში გადავიდა, სადაც გოჩილაიძემ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, გდების შესრულება შეძლო და 1/2-ფინალში გავიდა.
ფინალის საგზურისთვის შეხვედრაში დიმიტრის მეტოქე ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი იყო. ძირითად დროში მეტოქეებმა აქაც თითო ვაზარის აღება მოახერხეს, მაგრამ დამატებითში წარმატებული ილეთი ყაზახმა შეასრულა და გამარჯვებული გამოვიდა. გოჩილაიძე ბრინჯაოსთვის გერმანელ ტიმნო კაველიუსს შეხვდება.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1/4-ფინალამდე მიაღწია ზაურ დვალაშვილმა, რომელმაც აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს და მოლდოველ კატალინ მარიანს აჯობა. 21 წლის ქართველი ძიუდოისტი ოქროსთვის ბრძოლას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც ბაჰრეინის წარმომადგენელ ასკერბი გერბეკოვთან დამარცხდა. დვალაშვილმა რეპეშაჟში გერმანელ ტიმო კაველიუსთან წააგო და გამოსვლა დაასრულა.
საწყის ეტაპებზე დამარცხდნენ და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშნენ მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე -73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა ( ორივე -81 კგ), ეთერ ასკილაშვილი, ნინო გეთიაშვილი (ორივე -63 კგ) და რეგინა უთნელიშვილი (-70 კგ).
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება მოახერხა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლს გიორგი სარდალაშვილი დაუეფლა.
კომენტარები