- თბილისის გრანდ სლემზე საქართველომ მეორე მედალი მოიპოვა
- თბილისის გრანდ სლემი | დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო
- თბილისის გრანდ სლემი | სარდალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა - ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) წელს ბრინჯაოს დასჯერდა. 31 წლის ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის შეხვედრაში 22 წლის ბულგარელ მარკ ჰრისტოვს დაუპირისპირდა და ვაზარით გაიმარჯვა.
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ტურნირში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო და ჩეხ დანიელ პოჩოპს და იტალიელ გაბრიელე სულის აჯობა, მაგრამ 1/4-ფინალში მონღოლ ერდენებაიარ ბაცაიასთან ვაზარით წააგო. ლაშამ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას დამატებით დროში, გაფრთხილებებით მოუგო.
78 კგ-მდე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა კოტე კაპანაძეს, მაგრამ ვერ გამოიყენა. 20 წლის ძიუდოისტმა პირველ წრეში კანადელ ანტუან ბუშარს სძლია, შემდეგ კი გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ დიოგო სეზარს. მესამე წრეში კოტემ მსოფლიოს მონღოლ ჩემპიონს ცოგთბაათარ ცენდ-ოჩირს ბრწყინვალე ილეთით მოუგო.
კაპანაძემ, რომელიც 1/4-ფინალში ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან დამარცხდა, რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს დამაჯერებლად სძლია და ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი მიიღო. სამწუხაროდ, კაპანაძემ მედლისთვის შეხვედრაში ესპანელ სალვადორ კასეს როკასთან უშანსოდ დამარცხდა.

25 მარტს "თბილისი არანაზე" მედლები კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კგ-მდე წონით კატეგორიებში თამაშდება. ასპარეზობაში 11 ქართველი ძიუდოისტი ჩაება - 8 კაცთა, ხოლო 4 ქალთა ტურნირში. სამწუხაროდ, ფინალში გასვლა ვერცერთმა შეძლო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი სამმა მიიღო. მოგვიანებით, 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოსთვის დიმიტრი გოჩილაიძემაც იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთი მედლის მოპოვება მოახერხა. 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლს გიორგი სარდალაშვილი დაუეფლა.
კომენტარები