Thumbnail

თბილისის გრანდ სლემი | დიმიტრი გოჩილაიძემ ბრინჯაოსთვის შეხვედრა დათმო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თბილისის გრანდ სლემის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები მხოლოდ ერთ მედალს დასჯერდა - ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) დაისაკუთრა, კოტე კაპანაძემ (-73 კგ) და დიმიტრი გოჩილაიძემ (-81 კგ) კი ამავე სინჯის მედლების მოპოვების შანსი ვერ გამოიყენეს.   

ქართველი ძიუდოისტებიდან ბოლოს გოჩილაიძემ იასპარეზა. 23 წლის ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის შეხვედრაში გერმანელ ტიმო კაველიუსს შეხვდა, რომელმაც დიმიტრი ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი შებოჭა.

გოჩილაიძემ საწყის ეტაპებზე გერმანელ, იტალიელ და ჩეხ მეტოქეებს აჯობა, 1/4-ფინალში კი ძალიან დაძაბული შეხვედრა ფრანგ არნო არებას მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის შეხვედრაში დიმიტრის მეტოქე ყაზახი აბილაიხან ჟუბანაზარი იყო, რომელთანაც დამატებით დროში დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაინაცვლა. 

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ სულ ორი მედალია - ვერცხლი და ბრინჯაო. პირველ დღეს, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვერცხლს გიორგი სარდალაშვილი დაუეფლა, დღეს კი ბრინჯაო ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) მოიპოვა. 

გრანდ სლემის მეორე დღეს 11 ქართველი ძიუდოისტიდან მედალი მხოლოდ ლაშამ მოიპოვა

თბილისის გრანდ სლემი კვირას, 26 მარტს დასრულდება. მედლები კაცებში -90, -100 და +100 კგ, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 

საქართველოს ნაკრებიდან ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი (ყველა -90 კგ), ონისე სანებლიძე, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ყველა -100 კგ), გელა ზაალიშვილი, გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და საბა ინანეიშვილი (+100 კგ) იბრძოლებენ. კიდევ ერთი წარმომადგენელი ქალთა ტურნირში გვეყოლება, სადაც +78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე და გელა ზაალიშვილი ტურნირში მოქმედი ჩემპიონების რანგში გამოვლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები