Thumbnail

ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშის (28 მარტს) წინ, საქართველოს ნაკრები ბათუმში მონღოლეთის გუნდს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

ეროვნულმა გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და პირველი ტაიმის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში მეტოქეს იოლად აჯობა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ვილი სანიოლმა ძირითადი შემადგენლობა გადაახალისა. სათადარიგო სკამზე იყო ხვიჩა კვარაცხელია, რაც ნორვეგიასთან მნიშვნელოვან მატჩამდე ლოგიკური გადაწყვეტილება გახლდათ.

ნაკრებმა თამაში აქტიურად დაიწყო და სწრაფი გოლიც გაიტანა: მე-15 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დავით ვოლკოვმა დაამატა და ანგარიში გახსნა. ეს მისთვის მეორე გოლია ეროვნულ ნაკრებში. სულ მალე ვოლკოვს დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მონღოლეთი გოლისგან ძელმა გადაარჩინა, ხოლო ჩაკვეტაძეს ძალიან ახლო მანძილიდან მეკარემ აჯობა.

29-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს: მეკარისა და დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებით მონღოლებმა კარგად ისარგებლეს, შესანიშნავი კომბინაცია გოლით ბალჯინიამ ბატბოლდმა დაასრულა. ეს პირველი გოლია, რომელიც მონღოლეთის ნაკრებმა ევროპულ ნაკრებს გაუტანა! სანიოლის გუნდს ტაიმის მოგება მაინც შეეძლო, რადგან მე-40 წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა, თუმცა ჩაკვეტაძემ ის გოლად ვერ აქცია - დარტყმა მეკარემ მოიგერია.

მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო კონცენტრირებულმა დაიწყო, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. 57-ე და 58-ე წუთებზე ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა. ქართველმა შემტევმა ჯერ მეკარის მოგერიებულს დაამატა, მერე ვოლკოვის პასი გამოიყენა.

ჩაკვეს ნაკრებში გოლი ბოლოს 2018 წლის 19 ნოემბერს ჰქონდა გატანილი: მან ეროვნულ გუნდში თავი 1 587-დღიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა! საქართველოს ნაკრებმა 70-ე წუთზე მეოთხე გოლიც გაიტანა, რომელიც საბა ლობჟანიძის აქტივშია. ის ზურიკო დავითაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა. 88-ე წუთზე ნაკრებმა მეხუთეც შეაგდო: ბუდუ ზივზივაძის პასით გიორგი ბერიძემ გაიტანა. მისთვის ეს ნაკრებში პირველი გოლია. ბოლო წუთზე კი გოლის გატანა თავად ზივზივაძემაც მოახერხა - საბოლოოდ 6:1.

ამგვარად, ვილი სანიოლის გუნდმა უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ პოზიტიური განწყობა შეიქმნა და არცთუ კარგი პირველი ტაიმის მიუხედავად, მთლიანობაში დამაჯერებლად მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 28 მარტს, ბათუმში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო 6:1 მონღოლეთი

გოლები: 1:0 ვოლკოვი (15), 1:1 ბატბოლდი (31), 2:1 ჩაკვეტაძე (57), 3:1 ჩაკვეტაძე (58. ვოლკოვის პასით), 4:1 ლობჟანიძე (70. დავითაშვილის პასით), 5:1 ბერიძე (88. ზივზივაძის პასით), 6:1 ზივზივაძე (90. ლობჟანიძის პასით)

საქართველო (3-4-2-1): ლორია (46. გუგეშაშვილი) - საზონოვი, კობახიძე, დვალი - ლობჟანიძე, აბურჯანია (46. კვეკვესკირი), გაგნიძე (64. სიგუა), გოჩოლეიშვილი - წიტაიშვილი (64. დავითაშვილი), ჩაკვეტაძე (64. ზივზივაძე) - ვოლკოვი (71. ბერიძე).

მონღოლეთი (4-3-3): ენხტაივანი - ცუვშანჯარგალი (46. ერდენეჩიმეგი), ბაიარცენგელი (61. გერელტ-ოდი), ორხონი, ბ. განბოლდი - ამარაა, ხურელბაატარი (73. ნარანბაატარი), არტაგი (61. პურევსურენი) - ბატბოლდი, ბაატარცოგტი (73. უუგანბატი), გ. განბოლდი.

კომენტარები

ბოლო ამბები