Thumbnail

‘ბევრი დრო ნამდვილად არ გვაქვს’ - ბაიერნმა თომას ტუხელი წარადგინა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თომას ტუხელმა ბაიერნის მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარები გააკეთა
  • მისი თქმით, რეკორდმაისტერი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს

იულიან ნაგელსმანის გათავისუფლების დადასტურებიდან ერთი დღის შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა ახალი მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი წარადგინა. 49 წლის სპეციალისტმა რეკორდმაისტერის დამრიგებლის რანგში პირველი კომენტარები გააკეთა და გეგმებზე ისაუბრა.

“უმნიშვნელოვანეს მატჩებამდე ბევრი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, სავარაუდოდ, პარასკევამდე ვერ შევხვდები,” - აღნიშნა ტუხელმა თავის პირველ პრესკონფერენციაზე.

'მაქვს იდეა, რა უნდა გავაკეთოთ და მომავალ მატჩებს მოუთმენლად, დიდი სიხარულით ველოდები.'

მისი თქმით, მომენტი, როცა ბაიერნის დამრიგებლად დანიშნეს, მოულოდნელია: “ყველა ტიტულის მოგება შესაძლებელია. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება დეტალებს. მაქვს იდეა, რა უნდა გავაკეთოთ და მომავალ მატჩებს მოუთმენლად, დიდი სიხარულით ველოდები. ცხადია, ყველა ტიტულის მოგება გვინდა.” - განაცხადა რეკორდმაისტერის ახალმა მწვრთნელმა. ტუხელის თქმით, არც მისი შტაბი იყო მზად ასეთი სწრაფი დანიშვნისთვის.

“ჩემთან ერთად იმუშავებენ არნო მიხელსი და სოლტ ლიოვი, რომლებიც უკვე 10 წელზე მეტია, ჩემთან არიან. იმედი მაქვს, მალე გადმოვიბირებთ ენტონი ბარისაც, რომელსაც ჯერ კიდევ ჩელსისთან აქვს კონტრაქტი.” - დასძინა ტუხელმა.

ოლივერ კანი, თომას ტუხელი და ჰასან სალიჰამიჯიჩი

თომასი ახლა ვარჯიშების დაწყებას ელოდება: “ყველაზე სწრაფად ერთმანეთს ვარჯიშებზე შევეჩვევით და გავიცნობთ. ცხადია, გვექნება საუბრები ფეხბურთელებთან - როგორც ცალ-ცალკე, ისე გუნდურად.”

უკვე მომდევნო შაბათს, ბაიერნს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის დორტმუნდის ბორუსიასთან, რომელმაც ბუნდესლიგის ცხრილში რეკორდმაისტერს გადაასწრო. ანუ, ტუხელის დებიუტი პირდაპირ არა სეზონის ცენტრალურ მატჩში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები