- საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთი 6:1 დაამარცხა
- ვილი სანიოლის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ
- ფეხბურთელების კომენტარები: 6:1 კარგია, მაგრამ სხვა საკითხებს ვაქცევთ ყურადღებას
ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშის (28 მარტს) წინ, საქართველოს ნაკრები ბათუმში მონღოლეთის გუნდს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და პირველი ტაიმის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში მეტოქეს იოლად აჯობა. მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
...მონღოლეთთან თამაშზე: „რთულია შეფასება, რა იყო კარგი და რა - ცუდი. გადავწყვიტე, ბევრი ახალი ფეხბურთელი ყოფილიყო ძირითად შემადგენლობაში, ასეთ დროს კი, როგორც წესი, ხარისხი ეცემა. პირველ ტაიმში უკმაყოფილო ვიყავი, საკმაოდ ნელა ვმოქმედებდით, მაგრამ მეორე ტაიმში ვნახეთ, თუ რა არის შესაძლებელი, როცა სწრაფად ვთამაშობთ. დადებითი მხარე ის არის, რომ ბევრი გოლი გავიტანეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ეს წლის პირველი მატჩი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე შეხვედრაში ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ, თუ გვინდა, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.
...გიორგი ჩაკვეტაძეზე: „შესვენებაზე ვუთხარი, რომ უფრო ცენტრში უნდა ეთამაშა, რადგან პირველ ტაიმში უფრო მეტად მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა. მისნაირი ტექნიკური ფეხბურთელი უფრო ცენტრში უნდა თამაშობდეს. სწორედ ეს მოხდა მეორე ტაიმში. როდესაც შევცვალე, შევაქე და წარმატებები ვუსურვე“.
...გიორგი ლორიას ტრავმაზე: „დიახ, ლორიამ პირველ ტაიმში ზურგის ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით არ ვიცით მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები. ის გუგეშაშვილმა შეცვალა, რომლის თამაშით კმაყოფილი ვარ“.
28 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა ასევე ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები