Thumbnail

ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი თამაშის (28 მარტს) წინ, საქართველოს ნაკრები ბათუმში მონღოლეთის გუნდს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდა და 6:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა გუნდმა ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშა და პირველი ტაიმის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ, მეორე ნახევარში მეტოქეს იოლად აჯობა. მატჩის შემდეგ მონღოლეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იჩირო ოცუკამ პრესკონფერენცია გამართა.

იჩირო ოცუკა (მონღოლეთის ნაკრების მწვრთნელი)

...საქართველოსთან თამაშზე: "ზუსტად არ ვიცი, რომელი მხარის ინიციატივა იყო ეს ტესტ-მატჩი - ჩვენი თუ საქართველოსი. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჩვენ იაპონიის ნაკრებს ვეთამაშეთ და 0:14 წავაგეთ. იმ მომენტში მივხვდი, რომ მაღალი დონის გუნდებთან ხშირად თამაში აუცილებელია. მონღოლეთის ჩემპიონატი ფორმალურად პროფესიონალურია, მაგრამ რეალურად, ფეხბურთელების უმეტესობა პროფესიონალი არ არის. ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ძლიერ გუნდებს უფრო ხშირად უნდა ვეთამაშოთ."

...მონღოლეთის ნაკრებზე: "საქართველოს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იყო. პირველი ტაიმით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როგორც შედეგით, ისე თამაშითაც. მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად იდეალურ კონდიციებში არ ვართ. მონღოლეთში ძალიან ცივი კლიმატია, 6 თვის განმავლობაში მონღოლეთის ჩემპიონატი არ ტარდება, ბიჭებმა მხოლოდ ორი კვირის წინ განაახლეს მზადება. თუმცა, ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ, ბევრ ახალ მოთამაშეს მივეცით შანსი. საკმაოდ გულდასაწყვეტია განსაკუთრებით მე-3 გოლის გაშვება. კონცენტრაცია და დისციპლინა დავკარგეთ“.

...ტაქტიკაზე: "მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მაღალი დონის მეტოქეებს ვხვდებით. ამიტომ, ძირითადად დაცვაში, მეორე ნომრად თამაში მოგვიწევს. დღესაც ამ ტაქტიკით ვითამაშეთ, მხოლოდ ბოლო წუთებში ვათამაშეთ მაღალი თავდამსხმელით, რამაც არ გაამართლა და კონტრშეტევაზე ორი გოლი გავუშვით."

28 მარტს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ნორვეგიასთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა ასევე ბათუმში გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები