Thumbnail

SPORT1-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნიდან გაშვებულმა იულიან ნაგელსმანმა შესაძლოა, რეალ მადრიდი ჩაიბაროს. ამ ინფორმაციას, გარკვეულწილად, "მარკაც" ადასტურებს. 35 წლის ნაგელსმანი ორი დღეა, რაც უმუშევარია, თუმცა მის დასაბევებლად უკვე კლუბების "რიგი დადგა", სიაში პირველი "სამეფო კლუბია".

"მარკა" წერს, რომ მას მერე, რაც ნაგელსმანი ბაიერნმა გაუშვა, ის რეალის მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ფავორიტი გახდა. "მარკა" წერს, რომ ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა სპეციალისტით ჯერ კიდევ 4 წლის წინათ დაინტერესდა, რეალის შეფებს მწვრთნელთან კომუნიკაციაც ჰქონიათ. სხვათა შორის, რეალში კანდიდატთა შორის ერთ-ერთი პირველი თომას ტუხელი მოიაზრებოდა, რომელიც ახლა უკვე ბაიერნის მწვრთნელია. 

კარლო ანჩელოტის ბედი სეზონის ბოლომდე არ გაირკვევა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იასპარეზებს რეალი ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მას თითქმის წაგებული აქვს, ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, იტალიელს მოუთმენლად ელიან ბრაზილიის ნაკრებში.

"მარკა" რეალს ზაფხულიდან ძალიან ნიჭიერ გალისიელს, გაბრი ვეიგას უკავშირებს, ასევე ხვიჩა კვარაცხელიას, ბერნარდო სილვას, დუშან ვლაჰოვიჩს ან ჰარი კეინს და ვიკტორ როკეს. "მარკას" მიაჩნია, რომ ჩამონათვალში ყველა ღირსეული ფეხბურთელია, თუმცა აქედან რეალში შესაძლოა, მხოლოდ 1-2 ან სულაც არც ერთი მოხვდეს. რეალის ნომერ პირველ სამიზნედ კი კვლავ ჯუდ ბელინგემი რჩება. 

კომენტარები

ბოლო ამბები