Thumbnail

ოლიმპი კავკასიის საკალათბურთო ლიგის ფინალშია. დავით როგავას გუნდმა ბარსი ატირაუს ნახევარფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაც მოუგო (92:89) და სერიაში 2:0 გაიმარჯვა. თბილისურ გუნდს გმირად ამჯერადაც ვლადიმერ თავაქარაშვილი (10 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი) მოევლინა, რომელმაც პირველი შეხვედრის მსგავსად მატჩი ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანი სროლით მოიგო.

როგავას გუნდმა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, მეორეში ბევრად უფრო დალაგებულად და გააზრებულად ითამაშა. მიუხედავად ამისა, პარკეტზე კარგად გამოიყურებოდა ყაზახური გუნდი, რომელმაც ოლიმპს პირველ ტაიმში აჯობა და შესვენებაზე უპირატესობით გავიდა (48:47).

მეორე ტაიმი, ისევე, როგორც მთლიანი თამაში, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ქართული გუნდიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ლინტონ ესლაისმა (26 ქულა, 12 მოხსნა და 2 ასისტი). კარგი თამაში ჰქონდა გიორგი ტურძილაძესაც (14 ქულა და 8 მოხსნა). ყაზახური გუნდიდან გამორჩეულები იყვნენ ერიკ მაკგილი (28 ქულა, 3 მოხსნა და 8 ასისტი) და ვლადიმირ ივანოვი (22 ქულა, 12 მოხსნა და ასისტი).

ფინალური სერიაც ნახევარფინალის მსგავსად 2 მოგებამდეა. ოლიმპი თბილისში სომხურ ვაჰანი სიტის დაუპირისპირდება. როგავას გუნდი შეხვედრებს 27 და 28 მარტს გამართავს.

დავით როგავა (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი):
"გუშინდელ თამაშთან შედარებით დღეს უფრო მონდომებულები ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე საკალათბურთო ასპექტებში დავუშვით ბევრი შეცდომა. დაცვაში დავალება ყველაზე სუსტად შევასრულეთ. ბურთის მიღებისა და სროლის საშუალება ისეთ კომფორტულ სიტუაციებში მივეცით, სადაც არ უნდა გაგვეკეთებინა. ამას ნაწილობრივ ჩემს თავზე ვიღებ. რთული გრაფიკი გვაქვს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. თითქმის ყოველ მეორე დღეს თამაში გვაქვს, ამას დაემატა მგზავრობა. ასეთ მომენტში მთავარი შედეგია." 

 ვლადიმერ თავაქარაშვილი (ოლიმპის კალათბურთელი):
"დღევანდელი თამაში უფრო დაძაბული გამოვიდა. მეტოქეს მივეცით იმის ფიქრის საშუალება, რომ თამაშის მოგება შეეძლოთ. ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია. ამ ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდი ვართ. ანგარიშ 89:89 იყო დაახლოებით ისეთი, როგორიც გუშინ და გავიფიქრე, რომ იგივეს გაკეთება შემეძლო. ვიცოდი, ბურთი მომივიდოდა და ჩემს სროლაში ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. არც მიფიქრია, რომ სროლას გავაფუჭებდი."

კომენტარები

ბოლო ამბები