Thumbnail

'მერაბ, შენთვის საჭმელი მაქვს' - სანდჰეგენმა დვალიშვილი გამოიწვია

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • კორი სანდჰეგენმა მარლონ "ჩიტო" ვერა საღამოს მთავარ ჩხუბში დაამარცხა
  • გამარჯვების შემდეგ ამერიკელმა მერაბ დვალიშვილი სახალისო ფორმით გამოიწვია

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის მებრძოლმა კორი სანდჰეგენმა (16-4) მარლონ "ჩიტო" ვერას (20-8) დამარცხების შემდეგ მერაბ დვალიშვილი (16-4) გამოიწვია და ეს MMA-ს კულტურისთვის დამახასიათებელი მხიარული ლაინით (ხაზით) გააკეთა.

ამერიკელმა ეკვადორელს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით სძლია, თუმცა რეალურად ბრძოლა თანაბარი საერთოდ არ ყოფილა - სანდჰეგენმა ვერა აშკარად დაჩაგრა და აჩვენა, რომ "ჩიტოზე" უკეთესი სპორტსმენია.

"მერაბ დვალიშვილის ფონზე სატიტულო ჩხუბი რომ მოვითხოვო, თავს ძალიან ბინძურ არსებად ვიგრძნობ. მერაბი ნამდვილი ცხოველია და მას უდიდეს პატივს ვცემ, თუმცა წონის პირველ ნომერთან ბრძოლა მინდა. ერთი ლაინი მაქვს, რომელიც ცოტა უხერხულია, თუმცა ძალიან ცუდიც არ არის. მერაბ, შენ მშიერი ხარ?! (დვალიშვილმა იანის დამარცხების შემდეგ თქვა, რომ ბრძოლას მოწყურებულია და თავს ისევ მშიერად გრძნობს. რედ.) მე შენთვის საჭმელი მაქვს, რომელსაც კარგი გემო არ აქვს," - თქვა სანდჰეგენმა ოქტაგონზე. 

ESPN-თან საუბარში, კი კორიმ დაამატა: "მერაბ იმიტომ გამოვიწვიე, რომ ჩემი აზრით, ის დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია. ჩემპიონი სტერლინგის შემდეგ დვალიშვილი ჩხუბის საუკეთესო კანდიდატია. არ იქნებოდა სწორი მას თავზე გადავხტომოდი და ქამარზე ბრძოლა მომეთხოვა. ამ ბიჭმა პიოტრ იანთან მაგარი მატჩი ჩაატარა, ზედიზედ 9 მოგება აქვს და ასეთი მეტოქის დამარცხება მინდა. გამოწვევების არ მეშინია!"

ქართველი სპორტსმენი ამერიკელის გამოწვევას დათანხმდა და ინსტაგრამ პოსტის კომენტარებში დაწერა, რომ კორისთან საჩხუბრად მზად არის. საღამოს შემდგომ პრესკონფერენციაზე UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ დივიზიონში არსებული სიტუაციის ფონზე მერაბისა და კორის ბრძოლა ლოგიკურად ეჩვენება.

სანდჰეგენს UFC-ში სამი წაგება აქვს (თი ჯეი დილაშოუსთან (17-5), პიოტრ იანთან (16-5) და ალჯამეინ სტერლინგთან (22-3)), კარიერაში კი მხოლოდ ერთხელ დაფინიშდა - 2020 წელს ალჯოსთან პირველ რაუნდში დანებებით დამარცხდა. მომავალ კვირაში კორი სუპერმსუბუქი წონის მესამე ნომერი გახდება.

კომენტარები

ბოლო ამბები