Thumbnail
  • 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
  • ეროვნული გუნდი შესარჩევ ციკლს პოზიტიური მოლოდინებით ხვდება
  • ნაკრებში სისტემა იგივე დარჩება, თუმცა შემადგენლობაში ცვლილებები შეიძლება იყოს
  • ნორვეგია მძიმე, დაცვითი გუნდია და ჰაალანდი არ ჰყავს 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩზე უნდა იცოდეთ

ეიფორია - საქართველოს ნაკრების და ქართველი გულშემატკივარის ამჟამინდელ მდგომარეობას ყველაზე უკეთ ალბათ ეს სიტყვა აღწერს. სამართლიანადაც. ბოლო ბევრ წელიწადში პირველად, საქართველოს უფლება აქვს, თავის საფეხბურთო მომავალს ოპტიმისტურად უყუროს და დიდ რაღაცებზე იოცნებოს.

რას ველოდებით

ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს. პირველ რიგში ხვიჩა კვარაცხელიას ჯადოსნური ფაქტორი, რაც განცდას გვაძლევს, რომ მსოფლიო ფეხბურთის შემდეგი მეფე, შესაძლოა, სულაც ქართველი იყოს; პირველად ბოლო 15 წელიწადში ევროპულ ჩემპიონატებში სტაბილურად თამაშობს ნაკრების ძირითადი ბირთვი; ერთა ლიგის ორი წარმატებული კამპანია და გარანტია იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სულ რაღაც ორი თამაში გვაშორებს.

თუმცა არის ერთი მშრალი და უსიამოვნო ფაქტი - საქართველოს ნაკრებს დიდი ხანია შესარჩევი ტურნირი, თუნდაც თავისი სტანდარტით, წარმატებულად არ უთამაშია. ყველა წარმატება და პოზიტიური მოლოდინები აქამდე ერთა ლიგას უკავშირდებოდა. არადა, მოვიდა დრო, ეროვნულმა გუნდმა შესარჩევების აუტსაიდერის როლი დაივიწყოს და დიდ საქმეებს - ჯგუფიდან გასვლის ამბებს შეეჭიდოს. გულშემატკივარს ეს მოლოდინი აქვს.

თუკი ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი გვინდა, სახლში ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან სულ მცირე 7 ქულა მაინც გვჭირდება

შესარჩევ ციკლს, მით უმეტეს, ხუთგუნდიან ჯგუფს ის სპეციფიკა აქვს, რომ თითოეულ თამაშს ოქროს ფასი ედება. სულ 8 თამაშია და გუნდს უფლება არ აქვს, რომელიმე ჩააგდოს, თუკი მართლა რამე სერიოზულზე ფიქრობს. უფრო მარტივი და კონკრეტული რომ გახდეს ჩემი სათქმელი: თუკი ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი გვინდა, სახლში ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან სულ მცირე 7 ქულა მაინც გვჭირდება. ესპანეთს ანგარიშში არ ვთვლი - სხვა დონე და სხვა კატეგორიაა, მათთან ქულები უფრო საჩუქარია, ვიდრე გეგმის ან ნორმის ნაწილი.

ამ სამეულში მთავარი კონკურენტი ალბათ მაინც ნორვეგიაა და ისე მოხდა, რომ სწორედ მათთან შეხვედრით ვიწყებთ და ვხსნით ჯგუფს. ეს იქნება თამაში, რომელიც, როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ისე ემოციურად, ბევრ რამეს გადაწყვეტს - გამარჯვება საქართველოს ნაკრებს კარგ შესაძლებლობას მისცემს, რომ ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლოს. მარცხის შემთხვევაში კი ის ემოციური მომენტუმი, რომელზეც ზემოთ გითხარით, დაიკარგება და სატურნირო პერსპექტივაც ძალიან რთული გახდება. მოკლედ, პირველი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩია.

რა მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ

საქართველოს სასარგებლოდ რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს. გუნდი კარგ ხასიათზეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთა ლიგიდან მოპოვებული პლეი ოფის ნახევარფინალი გარანტირებული აქვს. ანუ, ემოციურად თავისუფლად და ლაღად ითამაშებს. ეს შესარჩევი ეროვნული გუნდისთვის უფრო ბონუსია, ვიდრე ვალდებულება. არადა, ეროვნულ გუნდს საუკეთესოდ თამაში სწორედ მაშინ გამოდის ხოლმე, როცა თავისუფლად და ემოციური წნეხის გარეშე თამაშობს. მნიშვნელოვანი ფაქტორია ნორვეგიისთვის ჰაალანდის ტრავმა და ესპანეთთან დამღლელი თამაში, რომელიც 0:3 მარცხით დასრულდა მაშინ, როცა საქართველომ ფაქტობრივად დაისვენა.

ედეგორი და კომპანია ესპანეთთან 0:3 დამარცხდნენ

ესპანეთთან შეხვედრას თავისი სპეციფიკაც ჰქონდა. ნორვეგიამ მალევე გაუშვა და მატჩის ბოლომდე შანსი ჰქონდა, რომ გააეთანაბრებინა. მეორე და მესამე გოლი სკანდინავიელებმა მხოლოდ 80 წუთის შემდეგ მიიღეს. ანუ, არ იყო ის სცენარი, როცა თამაში პირველ ტაიმშივე წააგე, უკვე ენერგიას ზოგავ და შემდეგ მატჩზე ფიქრობ.

რას თამაშობს ნორვეგია (მით უმეტეს, ჰაალანდის გარეშე)

ზოგადად, ნორვეგიას ბოლო 5 თამაშში მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს, ირლანდიასთან გასვლაზე და სამჯერ წააგო. თუმცა, იქამდე სერია ჰქონდა, როცა 13 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და ისიც გასვლაზე, ნიდერლანდებთან ბოლო წუთებზე.

ისეთი მეტოქეა, მოგება შეიძლება, თუმცა რთული იქნება - კარგად ორგანიზებული და სტრუქტურირებული გუნდია. მუნდიალის შესარჩევში ნორვეგიამ 10 თამაშში მხოლოდ 8 გოლი გაუშვა. გასვლაზე, საერთოდაც, სამჯერ გოლის გაუშვებლად ითამაშა და სულ 3 გოლი მიიღო თავის კარში. აქედან ორჯერ ზემოთ ხსენებულ შეხვედრაში, ნიდერლანდებთან. ასეთ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ დაცვასთან გოლის გატანა ძალიან რთულია. ზოგადად, ნორვეგიას აქვს ის თვისება, რომ თუ პირველი შეაგდო, მერე მათთან მატჩის მოტრიალება რთულია - მაღალი, გაბარიტული და ათლეტური გუნდია. დაცვაში კომპაქტურად და დიდი ძალებით დგომა ეხერხება. სივრცეებს არ ტოვებს. ამიტომ, ვილი სანიოლის გუნდმა ასე თამაშის საშუალება არ უნდა მისცეს. ისეთი შეხვედრაა, რომ პირველი გოლი ბევრს გადაწყვეტს.

გიბრალტართან შეხვედრებს თუ არ გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ 8 თამაშში სოლბაკენის გუნდმა მხოლოდ 7 გოლი გაიტანა

სტალე სოლბაკენის გუნდს უფრო შეტევაში უჭირს. ჯგუფში გიბრალტარი ჰყავდა და ამის ამის მიუხედავად, 10 თამაშში მხოლოდ 15 გოლი შეაგდო. გიბრალტართან შეხვედრებს თუ არ გავითვალისწინებთ, გამოვა, რომ 8 თამაშში სოლბაკენის გუნდმა მხოლოდ 7 გოლი გაიტანა. სწორედ ამიტომ, სანიოლისთვის ლოგიკური იქნება, თავის გუნდს გოლის არგაშვება და ნულზე თამაში დაუსახოს მიზნად. მით უმეტეს, როცა მეტოქეს მთავარი ბომბარდირი აკლია.

ნორვეგიის შეტევაში პრობლემების ყველაზე ნათელ ილუსტრაციად აუტსაიდერ ლატვიასთან გადამწყვეტი საშინაო შეხვედრა იქცა. კარისკენ 25-ჯერ დაარტყეს, 71 პროცენტი ჰქონდათ ბურთი და მაინც ვერ გაიტანეს. შედეგად მეორე ადგილი და ევროპის ჩემპიონატის საგზური თურქეთს დაუთმეს.  სხვათა შორის, ჰაალანდი იმ შეხვედრაშიც აკლდათ.

ჰაალანდის არყოფნაში ედეგორზე ბევრი რამაა დამოკიდებული

ერთა ლიგაზეც, 6 თამაშში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს და ამდენივე გაუშვეს. საქართველოს ნაკრებისთვის დადებითი ტენდენცია ის არის, რომ ამ ტრადიციულად მძიმე და გაუვალი დაცვის მქონე გუნდმა ბოლო მატჩებში გაშვება დაიწყო. ზემოთ რომ ბოლო 6 შეხვედრა ვახსენე, აი, იმ თამაშებში ზედიზედ უშვებენ, თანაც 5-ჯერ ერთ გოლზე მეტი მიიღეს.

ის, რომ ამ გუნდს კონტრშეტევბზე თამაში უყვარს, იქიდანაც ჩანს, რომ მუნდიალის შესარჩევში თამაშის 41 პროცენტი მის მესამედზე წარიმართა, მეტოქის კარის სიახლოვეს კი - მხოლოდ 24 პროცენტი. არადა, როგორც გითხარით, ბოლო ტურამდე ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა და ჯგუფში 4 შეხვედრა ლატვიასთან და გიბრალტართან გამართა.

ტაქტიკა და შემადგენლობა

სანიოლი სავარაუდოდ არ შეცვლის 3-5-2 სქემას, რომელშიც ეროვნული გუნდი კარგად გრძნობს თავს და რომელიც დაცვაში და ნახევარდაცვაში ბალანსს ქმნის. მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ ვინ იქნება შემტევ ხაზში კვარაცხელიას გვერდით. უფრო ბუდუ ზივზივაძის ტიპის კლასიკურ ფორვარდს აირჩევს ფრანგი მწვრთნელი, თუ ფიზიკურად ძლიერი და გაბარიტული ნორვეგიის დაცვის წინააღმდეგ აქცენტს სისწრაფეზე და მობილურობაზე გააკეთებს და ხვიჩას გვერდით ამ ტიპის შემტევი იქნება მიქაუტაძის სახით?

ასევე საინტერესოა, როგორ დაალაგებს სანიოლი მეკარის დილემას. საქართველოს ორი ძალიან კარგი მეკარე ჰყავს - ლორია და მამარდაშვილი. შესარჩევის პირველი შეხვედრა იმის ნიშანი იქნება, თუ რა სტრატეგიას ირჩევს ამ რთული დილემის გადასაჭრელად ფრანგი მწვრთნელი. ლორიას ტრავმა მონღოლეთთან შეხვედრაში ფავორიტად მამარდაშვილს აქცევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სანიოლი სავარაუდოდ ორივე მეკარისთვის დროის გაყოფას აპირებდა და ის ფაქტი, რომ მონღოლეთთან ლორიამ დაიწყო, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ ნორვეგიასთან თავიდანვე მამარდაშვილი იყო ჩაფიქრებული.

ზოგადად, შემადგენლობაში ცვლილებებს უნდა ველოდოთ. ბოლო სანაკრებო მატჩის მერე რამდენიმე თვეა გასული, თან სეზონი მიდის და სათამაშო ფორმა და დრო ფეხბურთელებს განსხვავებული აქვთ. 

რა დევს სასწორზე

ზოგადად, საქართველოს ყველაფერი აქვს, რომ ბურთის და ტერიტორიისთვის ბრძოლა მოიგოს. მეტოქეზე ტექნიკური და კომბინაციური გუნდია. თან ხვიჩას სივრცეში, ერთ მცველთან მარტო დატოვების ყველა მეტოქეს ეშინია. ამიტომაც საეჭვოა, ნორვეგია პრესინგზე წამოვიდეს. უფრო ჩაჯდება და თავის შანსს დაელოდება.

სავარაუდოდ, ფრთხილი, დაძაბული და არცთუ ბევრგოლიანი შეხვედრა იქნება. მოულოდნელობის და ვარსკვლავურობის (ანუ ხვიჩას) ფაქტორი უფრო საქართველოს აქვს, თუმცა, მეტოქე უფრო გამოცდილია და შეცდომაზე დასჯით მოგება, ან არაფრიდან გოლის გაკეთება უკეთ შეუძლია.

საქართველოსთვის ეს დიდი ტესტია. ერთა ლიგაზე წარმატებული ორი კამპანიის შემდეგ უნდა ვაჩვენოთ, რომ საშუალო ევროპულ გუნდებს არაფრით ჩამოვუვარდებით. ანუ, ხარისხობრივად განვითარების სხვა საფეხურზე გადავედით. ამ მატჩის მისია ის არის, რომ სამ ქულასთან ერთად სასწორზე დევს ემოციური ფონი, პოზიტიური განწყობა, რწმენა და მომავლის იმედი. 

საინტერესო ფაქტები

🟠 საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 3-ჯერ შეხვდა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 3 წაგება (1996 წელს 0:1, 1999 წელს 1:4 და 0:1).

🟠 საქართველოს ნაკრებმა 271 მატჩი ითამაშა: 86 გამარჯვება, 57 ფრე, 128 მარცხი. ბურთების შეფარდება: 318:378

🟠 საქართველოს ნაკრებს შინ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (5 მოგება, 1 ფრე). სანიოლის გუნდმა ბოლოს საკუთარ მოედანზე 2021 წელს საბერძნეთთან წააგო.

🟠 საქართველოს ნაკრებს კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 10 მატჩიდან 3 მოგება აქვს (2 ფრე, 5 წაგება).

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, რითაც გუნდის ყველა დროის ბომბარდირთა ათეულშია. თუ კვარა გოლს გაიტანს, ჯაბა კანკავას გადაასწრებს და მე-8 ადგილზე ერთპიროვნულად გადავა.

🟠 ხვიჩა კვარაცხელია და ლეო ოსტიგორი ნაპოლიში თანაგუნდელები არიან, ისევე, როგორც ბორდოში ზურიკო დავითაშვილი და სტიან როდე გრეგერსენი.

🟠 ნორვეგიის ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 3 წააგო და მხოლოდ 1 მოიგო (ირლანდიასთან), არადა, მანამდე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა (5 მოგება, 1 ფრე).

🟠 ნორვეგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტალე სოლბაკენს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ 1999 წელს ორი მატჩი აქვს ჩატარებული, თბილისურ შეხვედრაში კი (1:4), ის ნორვეგიელთა კაპიტანიც იყო. მან ნორვეგიის ნაკრებში მთლიანობაში 1994-2000 წლებში 58 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

🟠 ნორვეგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ, 2000 წელს გავიდა. საინტერესოა, რომ მაშინ შესარჩევ ციკლში ნორვეგიელთა ერთ-ერთი მეტოქე საქართველო იყო. მას შემდეგ მათ დიდ ტურნირზე არც უთამაშიათ.

🟠 ნორვეგიას ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან 6 მოგებული აქვს (1 ფრე, 3 წაგება).

🟠 საქართველოს ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნორვეგიის ნაკრების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების 3 დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ერთხელ ორივე გუნდმა გაიტანა. სამიდან 2 მატჩი 1:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი - კვერკველია, კაშია, ტაბიძე - კაკაბაძე, კვეკვესკირი, აბურჯანია, აზაროვი - დავითაშვილი, კვარაცხელია - მიქაუტაძე.

ნორვეგია (4-3-3): ნილანდი - რიერსონი, სტრანდბერგი, ისტიგორი, მილინგი - ედეგორი, თორსბი, აურსენესი - ბერგე, სორლოტი, ელიუნუსი.

კომენტარები

ბოლო ამბები