- მერაბ დვალიშვილმა კორი სანდჰეგენის გამოწვევა მიიღო
- ქართველი ამერიკელთან საჩხუბრად ნებისმიერ დროს დათანხმდება
- 'მერაბ, შენთვის საჭმელი მაქვს' - სანდჰეგენმა დვალიშვილი გამოიწვია
მერაბ დვალიშვილი (16-4) კორი სანდჰეგენის (16-4) გამოწვევას ESPN-ის ეთერიდან და ტვიტერიდან უპასუხა. ქართველი მზად არის, ამერიკელს ნებისმიერ დროს შეხვდეს.
დღეს, 26 მარტის გამთენიისას, სანდჰეგენმა ჩიტო ვერა (20-8) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და აღნიშნა, რომ არ აქვს უფლება სატიტულო ბრძოლა მერაბ დვალიშვილზე ადრე მოითხოვოს, თუმცა ქართველის დამარცხება სურს.
მერაბმა ტვიტერზე დაწერა: "ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას! მევიდეეეს!"
"ძალიან გამიხარდა კორიმ რომ გამომიწვია, რადგან ის მაგარი და უმაღლესი დონის მებრძოლია. ის მომავალ კვირაში რეიტინგის მესამე ნომერი გახდება, მე კი ჩხუბი მიყვარს. ალჯო ჩემი მეგობარია და სანამ ის ჩემპიონის ქამარს ფლობს, მე ამ დივიზიონს გავასუფთავებ. გამოწვევები მიყვარს, სანდჰეგენს ჩემთან ბრძოლა უნდა და მასთან დასაპირისპირებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ.
კორი ძალიან ტექნიკური სპორტსმენია, ფეხით კარგად გადაადგილდება, ჯიუ ჯიცუც მოწოდების სიმაღლეზე აქვს, რაც უკვე დაამტკიცა. ის ფაქტი, რომ ის პიოტრ იანთან დამარცხდა, ხოლო იანს მე მოვუგე, მასზე ზემოდან გადახედვის საფუძველს არ მაძლევს. სანდჰეგენი ძალიან სახიფათო მეტოქეა, „ჩიტოსთან“ გამარჯვებით ეს კიდევ ერთხელ აჩვენა. ერთი სული მაქვს მასთან როდის ვიჩხუბებ, რადგან მართლა მშიერი ვარ, ძალიან მშიერი," - განაცხადა მერაბმა.
32 წლის დვალიშვილმა პიოტრ იანი (16-5) 2 კვირის წინ დაამარცხა და ამჟამად UFC-ის სუპერმსუბუქ დივიზიონში რეიტინგის პირველ ადგილზეა. გასულ წელს მერაბმა მხოლოდ ერთხელ იჩხუბა, იმედია წელს ამ სტატისტიკას გააუმჯობესებს და სანდჰეგენს მალე დაუპირისპირდება.
კომენტარები