Thumbnail

კორსანტიას ორმაგი დუბლი ჩრდილოეთ მაკედონიაში - მისი გუნდი საპლეიოფო ზონაშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საირ 2020 93:97 გოსტივარი
  • ქართველ ფორვარდს შედეგიანი სეზონი აქვს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელ გიორგი კორსანტიას ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჰქონდა. ქართველი ფორვარდის გოსტივარმა სტუმრად სკოპიეს საირ 2030-ს 97:93 სძლია, კორსანტიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 13 ქულა, 12 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი, 4 ჩაჭრა.

გიორგიმ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში მე-3 მაჩვენებელი იყო.

ცნობისთვის, კორსანტიას მიმდინარე სეზონში 18 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 32.8 წუთი, 17.5 ქულა, 12.4 მოხსნა, 2.3 პასი, 2.2 ჩაჭრა.

გოსტივარმა 13 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და TFT-სთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მე-2 პოზიციაზე მყოფ პელისტერს 1 გამარჯვებით ჩამორჩება, ლიდერი კი სკოპიეა 16 მოგებით.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის პლეი ოფში სწორედ მოწინავე ოთხეული ითამაშებს, ამდენად, გოსტივარი აღნიშნული პოზიციის შენარჩუნებას ყველანაირად უნდა ეცადოს. კორსანტიას კლუბი მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს, შინ, უშუალო კონკურენტ ევრო ნიკელთან (მე-5 ადგილზეა) ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები