- ფაბიო კაპელომ ნაპოლიზე შთაბეჭდილებები ესპანურ მედიას გაუზიარა
- იტალიელისთვის ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამორჩეულები არიან
ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ესპანურ "მარკას" ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ სხვა თემასთან ერთად, ნაპოლიზეც ისაუბრა.
იუვენტუსის, რომას, იუვენტუსისა და რეალის ყოფილი თავკაცის აზრით, ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის რეალური შანსიც გააჩნია, რადგან ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. მან განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.
"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია, გამოცდილი მწვრთნელი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს. ოსიმენი და კვარაცხელია განსხვავებას ქმნიან: ერთს ძალიან ბევრი თვისება აქვს, მეორე კი ბევრს იბრძვის და თავით თამაშში შთამბეჭდავია. სხვა გუნდებმა, მილანმა, იუვენტუსმა, ინტერმა და რომამ ბევრი მატჩი წააგეს, ნაპოლი კი ამ დრომდე იტალიაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც თამაშებს იოლად იგებდა. ნაპოლი ძალიან, ძალიან კარგი გუნდია", - თქვა კაპელომ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი 33-წლიანი პაუზის შემდეგ "სკუდეტოს" მოგებასთან ძალიან ახლოსაა, რადგან სერია A-ს სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე 19-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. პარალელურად, ლუჩანო სპალეტის გუნდი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა, სადაც მილანს 12-18 აპრილს დაუპირისპირდება.
კომენტარები