- ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუ გრაცის შტურმის ვებგვერდთან
- ქართველ ფეხბურთელს 27 წელი შეუსრულდა
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 27 წლის გახდა. სწორედ იუბილესთან დაკავშირებით ავსტრიული კლუბის ვებგვერდზე მასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა.
საუბარი იმით დაიწყო, რომ კიტე უკვე 5 სეზონია შტურმის ღირსებას იცავს და კლუბის ბოლოდროინდელი პროგრესის მოწმეცაა:
"დიახ, ეს მე-5 სეზონია და რეალურად, ეს ძალიან დიდი დროა (იცინის - რედ). სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად ტრავმირებული ვარ, თუმცა, მართალია, რომ უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში მუდმივად ვვითარდებით და ვძლიერდებით. მიმდინარე სეზონში კარგად გამოვდივართ ჩემპიონატშიც და თასზეც. სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალი უიქ-ენდიდან დაიწყება, ამიტომ, ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, როგორც ამ სეზონში არ ვყოფილვართ".
კიტეიშვილს ტრავმების გამო საკმაო ხანი გაუცდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში გამორჩეული თამაში ჰქონდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე როტერდამის ფეიენოორდთან. მან ნიდერლანდურ კლუბს 90-ე წუთზე გოლი გაუტანა და შტურმმა 1:0 მოიგო:
"ფეიენოორდთან თამაში ჩემთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო. შეცვლაზე ჩავერთე და შემდეგ გავიტანე გოლი, რითაც თამაში მოვიგეთ. ეს საოცარი გრძნობა იყო. დროდადრო ამ გოლს ვუყურებ და როცა ჩემს სახეს ვხედავ, ვხვდები, რომ ნამდვილად ვერ გადმოვცემდი იმას, რასაც ვგრძნობდი. როგორც წესი, ემოციური ვარ, მაგრამ ჩემი გამომეტყველება არ ასახავდა ჩემს ემოციურ მდგომარეობას. ეს თამაში და გოლი ნამდვილად იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი. ზოგადად, ჯგუფში ჩარჩენა უზარმაზარი ტკივილი იყო. მიუხედავად ამისა, ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგად ვითამაშეთ, რითაც ვამაყობთ".

მომდევნო კვირიდან შტურმი ავსტრიაში საჩემპიონო ჯგუფში დაიწყებს გამოსვლას. პირველ ტურში გრაცელთა მეტოქე ვენის რაპიდი იქნება. ოთარი ამასთან დაკავშირებით ამბობს: "სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი და რთული იქნება პირველი შეხვედრა რაპიდის წინააღმდეგ. ვალდებული ვართ, მაქსიმუმი გავიღოთ, მზად ვიქნებით ამ გადამწყვეტი ეტაპისთვის და იმედი მაქვს, შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენას".
კიტემ საკუთარი დაბადების დღის სურვილებზე თქვა: "ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელად ვიქნები და ტრავმიანობა დასრულდება. რა თქმა უნდა, ასევე მინდა ვიყო მოტივირებული და კონცენტრირებული ჩემი კარიერის განმავლობაში. გარდა ამისა, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ჩვენს გუნდს, რათა ერთად მივაღწიოთ წარმატებას, როგორც კლუბმა, ისე ინდივიდუალურად".
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში შტურმის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ნახევარმცველი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო, რის გამოც საქართველოს ნაკრებს მიღმა დარჩა.
ის მოედანზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ჯერ ავსტრიის ჩემპიონატში ითამაშა, მერე კი ამხანაგურ შეხვედრაში. გრაცის შტურმმა ავსტრიის ბუნდესლიგის რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულა, დამდეგი უიქ-ენდიდან კი ე.წ. საჩემპიონო ჯგუფში გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც ასევე ზალცბურგი, ლასკი, რაპიდი, აუსტრია და კლაგენფურტი ითამაშებენ.
კომენტარები