Thumbnail
  • ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტური დაიწყო
  • პორტუგალიამ და ისლანდიამ დიდი ანგარიშით მოიგეს, ყაზახეთმა სენსაცია მოახდინა

იქამდე, სანამ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში პირველ შეხვედრას ჩაატარებს (28 მარტს, ნორვეგიასთან), სხვა ჯგუფებში უკვე მე-2 ტური დაიწყო.

თავდაპირველად C ჯგუფზე ვთქვათ, სადაც ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 2:0 აჯობა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაუტანა, ჰარი კეინისა და ბუკაიო საკას წყალობით. ინგლისმა დამაჯერებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს, უკრაინამდე იტალიაც დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონმა იტალიამ თავის მხრივ პირველი გამარჯვება მოიპოვა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან სუსტი მეტოქე ჰყავდა - მალტა. "სკუადრა აძურამ" პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი, რადგან ჯერ მატეო რეტეგიმ და მერე მატეო პესინამ გაიტანეს. მატჩის დანარჩენი ნაწილი კი იტალიელებმა ბურთის გორებაში გაიყვანეს.

ცალკე უნდა ვთქვათ რეტეგიზე, რომელიც არგენტინელია, არგენტინის ჩემპიონატში (ტიგრე) თამაშობს, მაგრამ იტალიის მოქალაქეობა მიიღო. 23 წლის ფორვარდს მშვენიერი დასაწყისი აქვს: ორი თამაში და ორი გოლი. იტალიის ნაკრები შესარჩევ ეტაპზე მომდევნო მატჩს სექტემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებს, რადგან ივნისში ერთა ლიგის ოთხთა ფინალში უნდა იასპარეზოს, ხოლო ინგლისი 16 ივნისს მალტას ესტუმრება. მანამდე ჯგუფს ინგლისი 6 ქულით ლიდერობს, იტალიისა და ჩრდ. მაკედონიის აქტივში 3-3 ქულაა, უკრაინა და მალტა უქულოდ არიან.

მატეო რეტეგის გოლი მალტელთა კარში

J ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა გასვლაზე ლუქსემბურგი 6:0 გაანადგურა, რაშიც არაფერი განსაკუთრებული არ არის. თუმცა, განსაკუთრებულია კრიშტიანო რონალდო, რომელსაც გოლების გატანა ისეთივე სიამოვნებას ანიჭებს, როგორც - ადრე. 38 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამჯერად დუბლი მიითვალა, როგორც წინა შეხვედრაში (ლიხტენშტეინთან). კრიშტიანოს საოცარი სტატისტიკა აქვს 20-წლიან სანაკრებო კარიერაში: 198 მატჩი და 122 გოლი! პორტუგალიის ნაკრებს ჯგუფში 6 ქულა აქვს, მაგრამ რობერტო მარტინესის გუნდს საწყის ორ ტურში ძალიან სუსტი მეტოქეებიც ჰყავდა.

კრიშტიანოს ნაკრებში უკვე 122 გოლი დაუგროვდა

ამ ჯგუფში უნდა აღვნიშნოთ ისლანდიის ნაკრების მოგება გასვლაზე ლუქსემბურგთან 7:0... პირველ რიგში ეს თამაში იმიტომ იმსახურებს ყურადღებას, რომ ჰეთ თრიკი შეასრულა ისლანდიელთა ცენტრალურმა მცველმა არონ გუნარსონმა. მასაც საინტერესო სტატისტიკა აქვს: აქამდე 100 სანაკრებო შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა მითვლილი, ამჯერად კი ერთ შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა. ამ ჯგუფში კიდევ ერთი თამაში იყო, რომელშიც სლოვაკეთმა ბოსნია-ჰერცეგოვინა 2:0 დაამარცხა. პორტუგალიას ორ ტურში 6 ქულა აქვს, სლოვაკეთს - 4, ბოსნიას და ისლანდიას - 3-3, ლუქსემბურგს - 1 და ლიხტენშტეინს - 0.

H ჯგუფში საკმაოდ ხმაურიანი სენსაცია მოხდა. დანიის ნაკრები ბრწყინვალე ფორმაში მყოფი რასმუს ჰოილუნის დუბლით 73-ე წუთამდე ყაზახეთს 2:0-ს ამარცხებდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა დაუჯერებელი რამ მოახერხეს: 3 გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს. ამავე ჯგუფში ფინეთმა ჩრდილოეთ ირლანდიას მოუგო, ხოლო სლოვენიამ - სან მარინოს. ჯგუფს სწორედ სლოვენიის ნაკრები ლიდერობს 6 ქულით, ოთხ გუნდს 3-3 ქულა აქვთ, სან მარინოს, ბუნებრივია - 0.

ინგლისი 2:0 უკრაინა

გოლები: 1:0 კეინი (37), 2:0 საკა (40)

ლუქსემბურგი 0:6 პორტუგალია

გოლები: 0:1 რონალდო (9), 0:2 ჟოაო ფელიქსი (15), 0:3 ბერნარდო სილვა (18), 0:4 რონალდო (31), 0:5 ოტავიო (77), 0:6 ლეაო (89)

მალტა 0:2 იტალია

გოლები: 0:1 რეტეგი (15), 0:2 პესინა (27)

ჩრდ. ირლანდია 0:1 ფინეთი

გოლი: 0:1 კალმანი (28)

სლოვენია 2:0 სან მარინო

გოლები: 1:0 შეშკო (56), 2:0 დი მარიო (60. საკ-კარში)

სლოვაკეთი 2:0 ბოსნია-ჰერცეგოვინა

გოლები: 1:0 მაკი (13), 2:0 ჰარასლინი (40)

ყაზახეთი 3:2 დანია

გოლები: 0:1 ჰოილუნი (21), 0:2 ჰოილუნი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)

ლიხტენშტეინი 0:7 ისლანდია

გოლები: 0:1 ოლაფსონი (3), 0:2 ჰარალდსონი (38), 0:3 გუნარსონი (48), 0:4 გუნარსონი (68), 0:5 გუნარსონი (73. პენ), 0:6 გუდიონსენი (85), 0:7 ელერტსონი (87)

კომენტარები

ბოლო ამბები