- ანტონიო კონტე ტოტენჰემის მწვრთნელი აღარ არის
- ლონდონურ კლუბს სეზონის ბოლომდე კრისტიან სტელინი უხელმძღვანელებს
ლონდონის ტოტენჰემმა ანტონიო კონტე გაათავისუფლა.
ეს ბოლო დღეებში მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურად დადასტურდა. იტალიელ სპეციალისტს თანამდებობა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც კლუბში არაჯანსაღ ვითარებაზე საჯაროდ ისაუბრა.
"ვაცხადებთ, რომ ანტონიო კონტემ კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა. მადლობას ვუხდით ანტონიოს შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ მას მომავალში წარმატებებს", - ნათქვამია "დეზების" განცხადებაში.
კონტემ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტოტენჰემი გუნდი არ არის, ფეხბურთელები ერთმანეთისთვის არ თამაშობენ და მხოლოდ ინდივიდუალურად მოქმედებენ.
იტალიელი სპეციალისტი, რომელსაც არეცოში, ბარიში, ატალანტაში, სიენაში, იუვენტუსში, იტალიის ნაკრებში, ჩელსისა და ინტერში აქვს ნამუშევარი, ტოტენჰემს 2021 წლის შემოდგომიდან ავარჯიშებდა.
ტოტენჰემი პრემიერლიგაში 49 ქულით მე-4 ადგილზეა. ლონდონურ კლუბს სეზონის ბოლომდე კონტეს ასისტენტი, კრისტიან სტელინი უხელმძღვანელებს, რომლის თანაშემწე რაიან მეისონი იქნება.
კომენტარები