Thumbnail

გასული უიკენდის  მთავარი ამბავი უდავოდ თბილისის გრანდ სლემი გახლდათ ძიუდოში, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კი შაბათს მონღოლეთთან წაივარჯიშა და ნორვეგიასთან უდიდესი მნიშვნელობის თამაშისთვის ემზადება. ამასობაში, თბილისის ოლიმპი კავკასიის ლიგის ფინალში გავიდა, სანდრო ბაზაძემ კი მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მედალი აიღო.


ნაკრები | მონღოლეთი გასაგებია, წინ ნორვეგიაა

ნორვეგიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, რომლითაც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევს იწყებს, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და პირველ ტაიმში ცოტა აირია (1:1), მაგრამ საბოლოოდ მაინც მარტივად მოუგო (6:1). ვილი სანიოლმა ამ ტესტ-მატჩში მეორე შემადგენლობა და ახალი ფეხბურთელები გამოსცადა, მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ "რთულია იმის შეფასება, თუ რა იყო ცუდი და რა კარგი". ფეხბურთელებმა კი აღნიშნეს, რომ 6:1 კი კარგია, მაგრამ "სხვა რაღაცებს უფრო აქცევენ ყურადღებას". რაც შეეხება ნორვეგიასთან სამშაბათს დაგეგმილ მატჩს - ამ თამაშის მისია 3 ქულაზე მეტია.

📋 | ყველა სიახლე ეროვნულ გუნდზე ნახეთ აქ.

გრანდ სლემი | ზაალიშვილის ოქრო

თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული სამი ოქროს მედლიდან ერთი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გელა ზაალიშვილის (+100 კგ.) ანგარიშზეა, რომელიც ფინალში თურქ მუნირ ერთუგს შეხვდა და ვაზარით დაამარცხა.

გრანდ სლემი | სულამანიძის ოქრო

ოქროს მედალი აიღო 21 წლის ძიუდოისტმა ილია სულამანიძემაც, რომელიც ფინალში მონღოლ გონჩიგსურენ ბატხუიაგს დაუპირისპირდა. ისევე, როგორც ზაალიშვილმა, ფინალი მანაც ვაზარით მოიგო. 

გრანდ სლემი | ბექაურის ოქრო

პირველი ოქროს მედალი კი თბილისის 2023 წლის გრანდ სლემზე მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. მან ქართული ფინალი მოიგო: გადამწყვეტ დუელში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, ევროპის მოქმედ ჩემპიონ ლუკა მაისურაძეს დაუპირისპირდა და ვაზარით გაიმარჯვა.

კავკასიის ლიგა | თბილისის ოლიმპი ფინალშია

ოლიმპი თბილისი კავკასიის საკალათბურთო ლიგის ფინალში გავიდა! დავით როგავას გუნდმა ბარსი ატირაუს ნახევარფინალური ეტაპის ორივე მატჩი მოუგო (95:92, 92:89) და სერიაში 2:0 გაიმარჯვა. თბილისურ გუნდს გმირად ორივე თამაშში ვლადიმერ თავაქარაშვილი (10 ქულა, 2 მოხსნა და 3 ასისტი მეორე მატჩში) მოევლინა, რომელმაც გუნდს ორივე შეხვედრა ბოლო წამებზე ჩაგდებული სამქულიანი სროლით მოაგებინა.

ფარიკაობა | ბაზაძის ვერცხლი მსოფლიო თასზე

სანდრო ბაზაძის წარმატებული სეზონი გრძელდება: ქართველმა მოფარიკავემ ბუდაბეშტის მსოფლიოს თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგის (უნგრეთი) 14:10-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 14:15 დამარცხდა. სამწუხაროდ, ბოლო წუთებზე ფინალის მსაჯებმა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს. 

📋 | ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები