- ბოსტონ სელტიქსი 137:93 სან ანტონიო სპურსი
- ორლანდო მეჯიქი 119:106 ბრუკლინ ნეტსი
NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები ქართველი კალათბურთელების გუნდებმა ჩაატარეს. სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო სპურსი სტუმრად ბოსტონ სელტიქსთან განადგურდა, გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა კი შინ ბრუკლინ ნეტსი დაამარცხა. სათამაშო დრო სანდრომაც მიიღო და გოგამაც.
სპურსმა ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მასპინძლებს მხოლოდ დიდ შესვენებამდე გაუძალიანდა, შემდეგ კი პრაქტიკულად დანებდა. მასპინძლებმა თამაში 44-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.
"ტი დი გარდენზე" ყველაზე შედეგიანი ჯეილეინ ბრაუნი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი გაიფორმა, 41 ქულითა და 13 მოხსნით. მალკოლმ ბროგდონბმა 20 ქულა მიითვალა. სან ანტონიოში საუკეთესო ზაკ კოლინსი იყო, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, 23 წლის ქართველმა ფორვარდმა სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა, მოედანზე გატარებულ 22:10 წუთში კი 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ პერიმეტრიდან 4-ჯერ ისროლა და ერთხელ ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან 6-იდან 4 სროლა გამოიყენა, საჯარიმო ხაზიდან კი - 3-იდან 2. მამუკელაშვილმა ბურთი ხუთივეჯერ საკუთარ ფარზე მოხსნა. მის ანგარიშზე ერთი დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი იყო.
სან ანტონიო სპურსს 19 მოგება და 56 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 პოზიციაზეა. მომდევნო თამაში მამუკელაშვილის გუნდს 30 მარტს, შინ იუტა ჯაზთან აქვს.
ზედიზედ მესამე თამაში მოიგო გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, რომელმაც ამჯერად შინ ბრუკლინ ნეტსი მიიღო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 6:08 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულის მოგროვება მოასწრო. გოგამ მეტოქის კალათს სულ ერთხელ შეუტია, ბურთ ორჯერ დაკარგა, ერთხელ კი დაჯარიმდა.
მეჯიქს 32 მოგება და 43 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 29 მარტს, სტუმრად მემფის გრიზლისთან ჩაატარებს.
კომენტარები