- 📅 28 მარტი | 🏟 ბათუმი | ⌚ 20:00 | ⚽ საქართველო V ნორვეგია
- ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ნორვეგიასთან მატჩის წინ
- PREVIEW | პირველი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი - მისია 3 ქულაზე მეტია
- გურამ კაშია ნორვეგიასთან თამაშზე: ჩვენს ძალებს შევამოწმებთ
სამშაბათი, 28 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უმასპინძლებს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ერლინგ ჰაალანდის სახით მთავარი ლიდერი აკლია (მატჩის სრული პრევიუ წაიკითხეთ აქ).
თამაშის წინ, ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მასთან ერთად, პრესკონფერენციაზე ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იმყოფებოდა.
ვილი სანიოლი (ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
...ნორვეგიის მატჩზე ესპანეთთან: „ვნახეთ ესპანეთისა და ნორვეგიის მატჩი. ნორვეგიის ნაკრები ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა, რადგან ძალიან კარგად ითამაშეს. ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, რამდენად რთული თამაში იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ“.
'ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, როგორ შეძლებს ჩემი გუნდი უფრო ძლიერ გუნდებთან ასპარეზობას'
...ლეო ოსტიგორსა და ერთა ლიგის ჯგუფთან შედარებაზე: „ხვიჩა და ოსტიგორი ერთმანეთს კარგად იცნობენ, მაგრამ მთავარი გუნდია და არა ცალკეული მოთამაშეები. ხვიჩა ნაპოლიში განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებს, საქართველოს ნაკრებში - განსხვავებულს. მთავარი ინდივიდუალური თამაში კი არ არის, არამედ გუნდი. ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის პატივისცემის მიუხედავად, ამ ჯგუფში უფრო ძლიერი გუნდები არიან. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება, როგორ შეძლებს ჩემი გუნდი უფრო ძლიერ გუნდებთან ასპარეზობას და მოუთმენლად ველოდებით ამ შეხვედრას“.
...ჰაალანდის არყოფნაზე: „როგორც ფეხბურთის მოყვარულს, მსურს, რომ მოედანზე ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ, ეს ფეხბურთელებისთვისაც დიდი მოტივაციაა. ჰაალანდის არყოფნა ნორვეგიის ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია და ალბათ, სხვანაირად ითამაშებენ, მაგრამ ამ გამოწვევისთვის მზად ვართ“.

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: „ჩვენ სხვა სისტემით და ფილოსოფიით ვთამაშობთ, ვიდრე ნაპოლი. ამიტომ, ხვიჩას თამაშის სტილიც განსხვავებულია, ვიდრე კლუბში. მან ერთა ლიგაზეც დაამტკიცა, რომ ნაკრებშიც ისე მაღალ დონეზე თამაშობს, როგორც ნაპოლიში“.
...ახალგაზრდა ფეხბურთელებზე: „ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში არაერთი ნიჭიერი და ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა. თუ არ ვცდები, გუნდში 11 ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იზრდებიან. იმედი მაქვს, ყველა მათგანი გააგრძელებს შრომას და შესაბამისად, მათ უფრო ხშირად ვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში“.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ შესარჩევის პირველი მატჩი უკვე გამართა და 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).
კომენტარები