Thumbnail

სამშაბათი, 28 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უმასპინძლებს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ერლინგ ჰაალანდის სახით მთავარი ლიდერი აკლია (მატჩის სრული პრევიუ წაიკითხეთ აქ).

თამაშის წინ, ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სტალე სოლბაკენი (ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი)

...საქართველოსთან ადრინდელ მატჩზე: "კარგად მახსოვს, საქართველოსთან ერთ-ერთი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს. ის თამაში 4:1 მოვიგეთ, კაპიტანიც ვიყავი..."

...მოლოდინზე: "რთულ თამაშს ველოდებით. საქართველო საკუთარ მოედანზე სტაბილურად თამაშობს - შვედეთთან, ესპანეთთან და ერთა ლიგაზე ეს გამოჩნდა. მეტოქეს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ, თუმცა, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვებაა."

'ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიოკოსი. ბევრი საიდუმლოებები არ არსებობს'

...ვრცლად კვარაცხელიაზე: "ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია, მას ნაპოლიში რეგულარულად გააქვს გოლები, აკეთებს საგოლე პასებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაშიც, 90 წუთის განმავლობაში თამაშში ჩართულია და სტაბილურია. ნაპოლი ამ ეტაპზე იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაც შეუძლია წილისყრიდან გამომდინარე. რაც შეეხება ლეო ოსტიგარს - მცირე სათამაშო დრო აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს იტალიაში განვითარებას, რაც ჯენოაში დაიწყო, რადგან ლუჩანო სპალეტის სახით გამორჩეულ მწვრთნელთან ერთად მუშაობს. თუმცა, მეორე მხრივ, მომდევნო სეზონიდან სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება, რადგან თუ არ თამაშობ, გარკვეული პროგრესი წყდება."

...არა მარტო კვარაცხელიაზე: "საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიას გარდა, სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავს. გამოვარჩევდი ცენტრალურ მცველებს და თავდამსხმელს. ასევე ვილი სანიოლის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი გყავთ. საქართველო სოლიდური გუნდია."

...კვარაცხელიას და დავითაშვილის ნორვეგიელ თანაკლუბელებზე: "ორივე გუნდს ჰყავს ანალიტიკოსი. ბევრი საიდუმლო არ არსებობს და კონკრეტული ფეხბურთელის თქმის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით, რას უნდა ველოდოთ ნებისმიერი ფეხბურთელისგან. მით უმეტეს ისეთებისგან როგორებიც კვარაცხელია და დავითაშვილი არიან“.

...მოსკოვის დინამოს ფეხბურთელ მატიას ნორმანზე: "მას არ აქვს ნაკრებში დაბრუნების შანსი, სანამ ამ პირობებში რუსეთში თამაშობს, შანსი არაა!"

ალექსანდერ სორლოტი პრესკონფერენციაზე

ალექსანდერ სორლოტი (ნორვეგიის ნაკრები): "კარგ ატმოსფეროს ველოდებით, რადგან ვიცით, რომ აქ ყოველთვის ასეა. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე კარგად მოქმედებს და მოედანზე ბევრს იშრომებს. ველოდებით, რომ საკმაოდ მძიმე და რთული თამაში იქნება. რაც შეეხება ჰაალანდის არყოფნას - როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს კარგავ, ეს დიდი დანაკლისია. გუნდურად უნდა ვიმუშაოთ, ხანდახან შეიძლება ერთ ფეხბურთელზე ზედმეტად დამოკიდებული გახდე, მაგრამ ხვალ ეს არჩევანი არც გვაქვს.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც ფეხბურთს უყურებს და უყვარს, ამას ხედავს. ერთ-ერთზე ძალიან კარგია, გოლები გააქვს, საგოლე პასებს აკეთებს. მასთან დაპირისპირება რთული იქნება.

ველოდებით, რომ ბურთის კონტროლს დიდი მნიშვნელობა ექნება. შეიძლება ყველაფერი ერთმა გოლმა გადაწყვიტოს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ".

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ შესარჩევის პირველი მატჩი უკვე გამართა და 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები