Thumbnail
  • სავარაუდოდ, კარლო ანჩელოტი ზაფხულში რეალს დატოვებს
  • ესპანურ მედიაში იტალიელის სავარაუდო შემცველები დასახელდნენ
  • ფრანგი სპეციალისტი სამეფო კლუბში შესაძლოა მესამედ დაბრუნდეს

ვარაუდობენ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალს დატოვებს. კარგა ხანია, 63 წლის იტალიელი სპეციალისტის მომავალს ბრაზილიის ეროვნულ გუნდს უკავშირებენ, ხოლო "სამეფო კლუბში" მის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი უკვე სახელდება.
  
ესპანური მედიის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის სავარაუდო შემცვლელთა სიაში მოხვდნენ არგენტინელი სპეციალისტები: მარსელო გალიარდო მაურისიო პოჩეტინო, რეალის ყოფილი თავკაცი, ფრანგი ზინედინ ზიდანი და გერმანელი იულიან ნაგელსმანი, რომელმაც მიუნხენის ბაიერნი ახლახან დატოვა.

ცნობილია, რომ ზინედინ ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში სურდა მუშაობა

წერენ იმასაც, რომ ზინედინ ზიდანმა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ორი მოთხოვნა წაუყენა, რათა გუნდში სამუშაოდ დაბრუნებაზე თანხმობა თქვას. როგორც ირკვევა, ფრანგ სპეციალისტს თავის სამწვრთნელო შტაბში ფიზმომზადების მწვრთნელის, გრეგორი დიუპონის ხილვა სურს. "ზიზუს" მეორე მოთხოვნა კი გუნდში ბელგიელი ნახევარმცველის, ედენ აზარის შენარჩუნებაა. 

50 წლის ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალს 2016-18 და 2019-2021 წლებში წვრთნიდა. ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბს" ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა - 2016, 2017 და 2018 წლებში. 

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მადრიდში იტალიელის ბედი სეზონის დასრულების შემდეგ გაირკვევა და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა რეალი ტიტულის მოგებას. ლა ლიგაში გუნდი ლიდერ ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება და აქ ბრძოლა პრაქტიკულად წაგებული აქვს, ჩემპიონთა ლიგაში კი ¼-ფინალშია გასული, სადაც ორრაუნდიანი დაპირისპირება ლონდონის ჩელსისთან მოუწევს. 

კომენტარები

ბოლო ამბები