- ნორვეგიულმა VG-მ სტატია ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვნა
- PREVIEW | პირველი, მაგრამ გადამწყვეტი მატჩი - მისია 3 ქულაზე გაცილებით მეტია
ნორვეგიულმა ტაბლოიდმა VG საქართველო-ნორვეგიის მატჩის წინ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "ნაპოლის გმირი "კვარადონა" - ადამიანი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის ჩვენი იმედების დამსხვრევა შეუძლია", და მასში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.
გამოცემა არაფერს წერს საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებზე ან მთლიანად ნაკრებზე, არც მის სახელოვან მწვრთნელზე, ავტორის აზრით, ერთადერთი საფრთხე ახალგაზრდა გარემარბისაგან მოდის.
"შესაძლოა, კვარაცხელია ამჟამად ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია," - ასე დაიწყო საუბარი სტალე სოლბაკენმა, ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან 0:3 წაგებიდან მეორე დღეს. სამშაბათს, ჩვენს გუნდს საქართველო და ერთი ბიჭი ელოდებიან, მეტსახელად “კვარადონა”. 22 წლის შემტევი წამყვანი საფეხბურთო ხელოვანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზად მოთამაშე გუნდში. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ ტურში ნაპოლიმ ლივერპული 4:1 დაამარცხა, საფეხბურთო სამყარომ კი, კვარაცხელიაზე დაკვირვება ამ დღიდან დაიწყო.
ნეაპოლში დიეგო მარადონა ყველას ახსოვს - ის "პარტენოპეიში" მივიდა და გუნდს იტალიის ჩემპიონობა მოუტანა, პირველად კლუბის ისტორიაში. ახლა ნაპოლი სერია ა-ს 19-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს და მცირე შანსიც არ არის, რომელიმე მეტოქემ სამხრეთელთა ტრიუმფს ხელი შეუშალოს. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი, სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას შეაქვს, ვის გამოც საქართველოს ნაკრები საშიშ მეტოქედ აღიქმება. შარშან ამ გუნდმა შვედეთს 2:0 მოუგო, ორივე გოლი ხვიჩამ გაიტანა.
"ხვიჩას თამაშს თვალს რუსეთსა და საქართველოში ვადევნებდი. ის ბრწყინვალედ მოქმედებდა, მაგრამ ეჭვი მქონდა, ნუთუ ის იყო ასეთი კარგი, ან იქნებ სხვები იყვნენ დაბალ დონეზე," - ამბობს ტორ-კრისტიან კარლსენი, საფეხბურთო მენეჯერი და ქართული ფეხბურთის მოყვარული, რომელმაც საკუთარ პოდკასტს “ჩივაძე” დაარქვა.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც თვალები მალე აეხილა, ეს ლეო სკირი ოსტიგორი გახლავთ, კვარაცხელიას თანაგუნდელი ნაპოლიში.

"ნაპოლიში ერთად მივედით და ჩემი ყურადღება ძალიან მალე მიიპყრო. უკვე ერთი კვირის შემდეგ მეგობრებს ვუთხარი, მისთვის თვალი უნდა მიედევნებინათ და მართალიც ვიყავი. გუნდში მოსვლის დღიდან ის ძალიან მაგრად თამაშობს, თითქმის ყველა კომპონენტში ძალიან ძლიერია და მატჩის ბედის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეუძლია," - უთხრა გამოცემას ნორვეგიელმა მცველმა.
საქართველოს ნაკრები ჩვენს გუნდს ბათუმში უმასპინძლებს, რომლის 20 000 მაყურებლიანი სტადიონის ბილეთები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. ეს ადგილობრივებს ერლინგ ჰაალანდისა და მარტინ ედეგორის სანახავად არ გაუკეთებიათ, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კვარაცხელიას ეიფორია არსებობს. რამდენიმე ასეული ქართველი ნაპოლის ყველა საშინაო შეხვედრას ესწრება.
ნაპოლის მატჩზე დასასწრებად იტალიაში ჩვენც ჩავედით, იმ დღეს ნეაპოლიტანელები ატალანტას მასპინძლობდნენ. ხვიჩას ჩაწერა ვცადეთ, მაგრამ კლუბის პრესსამსახურმა უარი გვითხრა. თუმცა, ამას ხელში არ შეუშლია აღვფრთოვანებულიყავით მისი თამაშით. კვარაცხელია მოედანზე სრულად უნიკალურად მოქმედებს, მისი ტემპი, მოძრაობები, მოწინააღმდეგეზე ისე მიდის, თითქოს საკუთარ ეზოში თამაშობდეს. ეს ბიჭი მცირე არეულობასაც მარტივად იყენებს, აკეთებს იმას, რაც უნდა.
ატალანტას პირველი გოლი ქართველმა გაუტანა. მეტოქის 3-4 ფეხბურთელი ისე გამოიყვანა, თითქოს ყინულზე სრიალებდნენ. მოძრაობები ისე სწრაფად და დახვეწილად შეიცვალა, რომ ულამაზესი გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.
"აი, როგორ თამაშობს. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან კარგი სისწრაფე აქვს, მთელი მატჩის მანძილზე ძალიან სახიფათოა და უცებ აფეთქდება ხოლმე," - გვითხრა ოსტიგორმა თამაშის შემდეგ.
მეორე დღეს ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა: "მიეცით კვარას 10-იანი!" ნიშნის დაწერას არ ითხოვდნენ, არამედ მისთვის 10-ნომრიანი მაისურის მიცემას, რომელიც მარადონას გამო ამოიღეს. ასეთი რამ 1 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, თუმცა ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ როგორ სეზონს ატარებენ ნაპოლი და კვარაცხელია.
"არ ვფიქრობ, რომ ხვიჩას პერსონალურად 1 ფეხბურთელი უნდა მივამაგროთ. მის წინააღმდეგ თავი გუნდურად უნდა დავიცვათ. ადვილი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია,” - ურჩევს ნაკრებს ლეო სკირი ოსტიგორი."
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრები გუნდები ერთმანეთს ხვალ, 28 მარტს შეხვდებიან. ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები