Thumbnail

სამშაბათი, 28 მარტი საქართველოს ნაკრებისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: ეროვნული გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში უმასპინძლებს ნორვეგიის ნაკრებს, რომელსაც ერლინგ ჰაალანდის სახით მთავარი ლიდერი აკლია (მატჩის სრული პრევიუ წაიკითხეთ აქ).

თამაშის წინ, ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გურამ კაშიასთან ერთად გამართა. აი, რა თქვა ეროვნული გუნდის კაპიტანმა:

გურამ კაშია (ნაკრების კაპიტანი)

...ნორვეგიის ნაკრებზე: „ვიცით, რომ ძალიან კარგად დაკოპლექტებული და ღირსეული გუნდია. ჩემი დავალებაა, რომ თავდამსხმელებთან თამაშს თავი გავართვა. იმედი მაქვს, ამას მოვახერხებ. ვემზადებით, მაგრამ ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად კონცენტრაციას არ ვაკეთებთ. გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ, ამაზე ვართ ორიენტირებულები. ვფიქრობ, ეს უფრო ძლიერი ჯგუფია, ვიდრე ერთა ლიგაზე ვიყავით. ჩვენთვის ეს დიდი ტესტი იქნება, რომელშიც ჩვენს ძალებს შევამოწმებთ".

'ჰაალანდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოცდა იქნებოდა. სამწუხაროა, რომ არ იქნება.'

...ბათუმის სტადიონის გარემოზე: "ბათუმში ჩატარებულ ბოლო ორ მატჩთან დაკავშირებით ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. აქ ძალიან მაგარი გარემოა, მოუთმენლად ველოდები, რომ კიდევ ერთი კარგი მოგონება შევიქმნათ. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ჩვენი ხვალინდელი თამაშით კმაყოფილი დარჩება. ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში იქნება და გულშემატკივრის მხარდაჭერა გვჭირდება. ვიცი, რომ ჩვენს გვერდით იქნებიან."

...ჰაალანდის არყოფნაზე: "ერლინგი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოცდა იქნებოდა და სამწუხაროა, რომ არ იქნება. მის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომდევნო მატჩში ვითამაშებთ მის წინააღმდეგ, მე თუ მათამაშეს (იცინის - რედ)."

...ახალბედებზე: „ნაკრებში ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ბედნიერებაა, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის. ჩვენც, გამოცდილი ფეხბურთელები, ვცდილობთ, რომ მათ გუნდში კომფორტი შევუქმნათ და ადაპტაცია გავუადვილოთ“.

...ხვიჩა კვარაცხელიაზე: „კვარა დიდებული ფეხბურთელია. შეუპოვარი და დიდი პროფესიონალია. მას ყველაფერი აქვს თავისი მიზნების მისაღწევად“.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიამ შესარჩევის პირველი მატჩი უკვე გამართა და 25 მარტს, სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნორვეგიასთან ისტორიაში 3-ჯერ აქვს ნათამაშები და ყველა მატჩი მეტოქემ მოიგო: 1996 წელს ამხანაგურ შეხვედრაში (1:0), 1999 წელს კი ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე (4:1 და 1:0).

კომენტარები

ბოლო ამბები