Thumbnail
  • ინგლისი 2:0 უკრაინა
  • მარცხის მიუხედავად, უკრაინის ნაკრების მწვრთნელი მომავალს იმედიანად უყურებს 

უკრაინის ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წაგებით დაიწყო. რუსლან როტანის გუნდი სტუმრად ინგლისთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, თუმცა თავად 41 წლის სპეციალისტი, რომელიც უკრაინის ნაკრებში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შემსრულებელია, გუნდის მომავალს მაინც იმედიანად უყურებს.

ინგლისმა უკრაინას ჰარი კეინისა და ბუკაიო საკას გოლებით მოუგო

"ვეთამაშებოდით ინგლისის ძლიერ და ძალიან მაღალ დონეზე მოთამაშე ნაკრებს. ჩემი ფეხბურთელები მეტს იმსახურებდნენ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს, რომელსაც დრო სჭირდება. მალე ნახავთ, რომ ამ კოლექტივს გაცილებით მეტი შუეძლია", - თქვა როტანმა მატჩის შემდეგ.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ამ ქვეყნის ნაკრებს საშინაო მატჩების ჩატარება ნეიტრალურ მოედნებზე უწევს. ამასთან, უკრაინელთა ეროვნულ გუნდს, "უემბლიზე" გამართულ შეხვედრამდე, ბოლო ოფიციალური მატჩი სექტემბერში, უეფას ერთა ლიგაში ჰქონდა ჩატარებული.

აქცია ინგლისი-უკრაინის მატჩების დაწყებამდე

"ძალიან რთულია თამაში ამხელა პაუზის შემდეგ. ახლა გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი გვაქვს და ეს ბალანსი შედეგს მომავალში გამოიღებს. ძლიერ მეტოქესთან პირველმა თამაშმა აჩვენა, რომ ამ გუნდს მომავალი აქვს. 

ლოჯისტიკური თვალსაზრისით, ძალიან გვიჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ომია და ამ სიტუაციას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ჩვენს მებრძოლებს მხოლოდ მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რომ საშუალება გვაქვს, ჩავატაროთ მატჩები. ლოჯისტიკის პრობლემა მეორეხარისხოვანია და ამას უნდა შევეგუოთ. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი მალე დასრულდეს", - თქვა უკრაინელთა მწვრთნელმა.

უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ C ჯგუფში გამოდის, სადაც მეტოქეებად ინგლისი, იტალია, ჩრდილოეთ მაკედონია და მალტა ჰყავს. უკრაინელები მომდევნო შეხვედრას 16 ივნისს, სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები