Thumbnail
  • დანა უაითმა უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა შესთავაზა
  • ხაბიბის ბიძაშვილი სუპერმსუბუქი წონის მე-11 ნომერია, ქართველი - პირველი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-11 ნომერმა უმარ ნურმაგომედოვმა (16-0) ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დანა უაითმა მას საღამოს მთავარი ბრძოლა და მერაბ დვალიშვილთან (16-4) ჩხუბი შესთავაზა.

ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილის მიხედვით, UFC-ის პრეზიდენტმა მატჩის თარიღად 13 მაისი დაუსახელა, რასაც დაღესტნელი დათანხმდა, თუმცა ბრძოლა მერაბის ტრავმის გამო ვერ შედგება.

"დანა უაითმა დვალიშვილის წინააღმდეგ 13 მაისს საღამოს მთავარი ბრძოლა შემომთავაზა. მაგრამ მერაბს ტრავმა აქვს. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედია მაქვს, დვალიშვილთან ერთად ოქტაგონზე ივნისში ან ივლისში გავალ."

13 მაისი ძალიან საინტერესო თარიღია, ერთი მარტივი მიზეზის გამო. 6 მაისს ალჯამეინ სტერლინგი (22-3) ჰენრის სეხუდოს (16-2) სუპერმსუბუქი წონის ქამარზე დაუპირისპირდება. აქ ორი ვარიანტია: პირველი, UFC-ის სურდა, რომ ამ ჩხუბის შემდეგ (თუ სტერლინგი მოიგებდა) ტიტულზე ბრძოლის ისეთი კანდიდატი ჰყოლოდა, რომელსაც იამაიკელის დამარცხების რეალური შანსები ექნებოდა, რადგან შონ ო’მალი (16-1) ალჯოსთვის დიდ საფრთხეს რომ არ წარმოადგენს, უცხო არავისთვისაა. მეორე, შესაძლოა ორგანიზაციაში მომავალზე გააკეთეს გათვლა, რადგან სტერლინგი ქამარზე "შუგასთან" მოგების შემთხვევაში აღარ იჩხუბებს, თუ წააგო, ნომერ პირველი კანდიდატი დვალიშვილია, მას ვერ გადაახტებიან. მერაბის ტიტულზე ბრძოლა, როგორც ჩანს, ორგანიზაციაში არ უნდათ. ამიტომ, დივიზიონში ქართველისთვის ყველაზე უხერხული მეტოქე აარჩიეს, რომელსაც "მანქანაზე" უფრო მეტი ფანი ჰყავს (1.3 მილიონი ფოლოუერი ინსტაგრამზე), ზურგს სახელოვანი ბიძაშვილი უმაგრებს და ბიზნესისთვის მერაბის ჩემპიონობას, უმარის ჩემპიონობა ჯობს.

კორი სანდჰეგენმა (16-4) მერაბ დვალიშვილი გამოიწვია და "მანქანაც" დათანხმდა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ ბრძოლას აზრი აქვს. მაგრამ ყველას ესმის, რომ კორის მერაბის დამარცხების დიდი შანსი არ აქვს, მასთან მოგება, კი ქართველის პოზიციებს უფრო გაამყარებს.

მე-11 ნომრის პირველ ნომერთან ბრძოლის ორგანიზება არ ხდება, თუ ორგანიზაციას განსაკუთრებული მიზნები არ აქვს და ეს მიზანი, ცხადია, საჩემპიონო გზიდან დვალიშვილის ჩამოშორებაა. თან თუ რეიტინგში დაბლა მდგომ ნურმაგომედოვთან წააგებს, UFC-ის შეუძლია მერაბი მე-11 პოზიციამდე დააქვეითოს და სატიტულო ბრძოლის არეალს სრულად დააშოროს. ორგანიზაციას მარტივი გათვლა აქვს: ქართველი იმდენად მაგარია, რომ მისი დამარცხების შანსი დაღესტნელის გარდა სხვა არავის აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები