Thumbnail

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - სამშაბათს ნორვეგიელთა წინააღმდეგ ვინც არ უნდა გაიტანოს გოლი საბა ლობჟანიძის გარდა, მისთვის ეს სადებიუტო იქნება ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე. ვილი სანიოლის განკარგულებაში 22 მინდვრის მოთამაშეა და მათ შორის 21-ს ამ ტურნირზე გოლი არ გაუტანია. 

ამ შემადგენლობიდან ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გოლი ერთის გარდა არავის გაუტანია, არც კვარას

28 მარტს ბათუმში საქართველოს ნაკრები ისტორიაში მერვედ შეეცდება ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას, წინა 7 მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა, როგორც არასდროს, გულშემატკივართა შორის განწყობა ოპტიმისტურია. A შესარჩევი ჯგუფის პირველ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ერლინგ ჰაალანდის გარეშე დარჩენილ ნორვეგიას მასპინძლობს, რომელსაც არსენალის ნახევარმცველი მარტინ ედეგორი ლიდერობს. 

ეს საქართველოს ნაკრებისთვის არის პირველი მატჩი შესარჩევში, თორემ ჯგუფში სხვებმა უკვე დაიწყეს ტურნირი, 5-გუნდიან ჯგუფში პირველი საქართველო "ისვენებდა". პირველ ტურში ჯგუფის ფავორიტთა შეხვედრა მალაგაში გაიმართა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა 3:0 გაანადგურა ნორვეგია, ხოლო გლაზგოში ამავე ანგარიშით შოტლანდიამ თემურ ქეცბაიას კვიპროსი დაამარცხა. მაშ ასე, ევროსაგზურებისთვის ბრძოლა დაწყებულია, საგზური კი ჯგუფში სულ ორია. 

კარგი დასაწყისი, ცუდი გაგრძელება

საქართველოს ნაკრები პირველად ევრო 1996-ის შესარჩევზე დაუშვეს. პირველი საუკეთესო აღმოჩნდა. დებიუტი ხმაურიანი გამოდგა, მე-3 ადგილი გერმანიისა და ბულგარეთის შემდეგ, მოგება ვარსკვლავურ ბულგარეთთან, უელსის განადგურება. ნაკრებმა 10-დან 5 თამაში მოიგო და 5 დათმო. 

1996 წ. ნორვეგია 1:0 საქართველო.
ხეტილ რეკდალი (ამჟამად რუსენბორგის მწვრთნელი) და თემურ ქეცბაია

დანარჩენ 6 მცდელობას კი მხოლოდ წარუმატებელი ეთქმის - მხოლოდ ერთხელ, ევრო 2020-ის შესარჩევზე შეძლო გუნდმა მე-4 ადგილის დაკავება ჯგუფში (5-გუნდიანი), სამჯერ მე-5 ადგილი და ორჯერ მე-6 ადგილი, ასეთი იყო ეროვნული გუნდის შედეგები. 

საქართველო ევროპის ჩემპიონატებზე

ევრო 1996: 5 მოგება, 5 წაგება, 14:13 - მე-3 ადგილი (6)

ევრო 2000: 1 მოგება, 2 ფრე, 7 წაგება, 8:18 - მე-6 (6)

ევრო 2004: 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება, 8:14 - მე-5 (5)

ევრო 2008: 3 მოგება, 1 ფრე, 8 წაგება, 16:19 - მე-6 (7)

ევრო 2012: 2 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება, 7:9 - მე-5 (6)

ევრო 2016: 3 მოგება, 7 წაგება, 10:16 - მე-5 (6)

ევრო 2020: 2 მოგება, 2 ფრე, 4 წაგება, 7:11 - მე-4 (5)

ევრო 2020 (პლეი ოფი): 1 მოგება, 1 წაგება, 1:1 - მარცხი ფინალში

საქართველოს ნაკრები ევროზე გასვლას მერვედ ცდის

საინტერესო ფაქტები

🟠 ნორვეგიასთან თამაში 71-ეა ევროპის ჩემპიონატის ეგიდით. 70 შეხვედრიდან ნაკრებმა 19 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და 41 დათმო, ბურთების შეფარდება: 71:101. ნორვეგიასთან გამარჯვება ნაკრებისთვის მე-20 იქნება ევროშესარჩევებში.

🟠 ევროპის ჩემპიონატების შესარჩევებში საქართველოს ნაკრების მოგების პროცენტი - 34.3%. ეს დაახლოებით 4%-ით მაღალია, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში და 13%-ით დაბალია, ვიდრე ამხანაგურ მატჩებში. საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მოგების პროცენტი ერთა ლიგებზე აქვს - 77.8%. 

🟠 ევროშესარჩევებში ყველაზე მეტი მატჩი გამართული აქვს ჯაბა კანკავას - 33. შემდეგ მოდიან: ლევან კობიაშვილი (30), კახა კალაძე (27), ზურაბ ხიზანიშვილი (26), შოთა არველაძე (24) და ალექსანდრე იაშვილი (23).

26-დან 16 გოლი შოთა არველაძეს ევროშესარჩევებში აქვს გატანილი

🟠 ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია (თუ ითამაშებს) ევროშესარჩევებში თავის 22-ე მატჩს გამართავს, ხოლო გიორგი ლორია (თუ ითამაშებს) - მე-19-ეს. საბა კვერკველიასთვის ეს მე-14 მატჩი იქნება, რა თქმა უნდა, თუ ის ნორვეგიასთან ითამაშებს. 

🟠 ევროშესარჩევებში ნაკრების ბომბარდირი შოთა არველაძეა - 16 გოლი (24 მატჩში). ასე რომ, ნაკრების მთავარმა გოლეადორმა თავისი გოლების უდიდესი ნაწილი (16 26-დან) სწორედ ამ ტურნირზე გაიტანა. შემდეგ 5-5 გოლით მოდიან თემურ ქეცბაია, ალექსანდრე იაშვილი, ჯაბა კანკავა და დავით სირაძე. 

🟠 ხვიჩა კვარაცხელიას ნაკრების 19 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, თუმცა ევროშესარჩევში (2 თამაში) - ჯერ არც ერთი. 6 გოლი ერთა ლიგაზე, 4 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში. 

🟠 დღეისათვის ნაკრებში გამოძახებულებიდან საბა ლობჟანიძის გარდა (1:5 დანიასთან) ევროშესარჩევებში არავის აქვს გოლი გატანილი. 

🟠 საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლო 10 მატჩიდან 3 მოგება აქვს (2 ფრე, 5 წაგება).

🟠 საქართველო და ნორვეგია ევრო 2020-ის შესარჩევ ეტაპზე გადაიკვეთნენ. ორივე მატჩი ნორვეგიამ მოიგო - 4:1 თბილისში, 1:0 ოსლოში.

კომენტარები

ბოლო ამბები